ალკოჰოლის არალეგალურად წარმოების საქმეზე ბრალდებული ბორის გოგიჩაიშვილი, რომელსაც 2 ნოემბერს პატიმრობა გირაოთი შეეცვალა, გარდაიცვალა. ინფორმაციას „ქართლის ამბები“ გორის მერიის სპორტის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
გოგიჩაიშვილი იყო ყოფილი საბჭოთა კავშირისა და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ძიუდოში, ხელმძღვანელობდა შიდა ქართლის ძიუდოს ფედერაციას, ასევე იყო გორის მუნიციპალტეტის საკრებულოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“.
ადვოკატის განცხადებით, ბორის გოგიჩაიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მიზეზი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა გახდა. ცნობილია, რომ ბორის გოგიჩაიშვილს სიმსივნე ჰქონდა.
„ბატონი ბორისი უმძიმესი დაავადებით და დიაგნოზით არის წარმოდგენილი. მისი კოგნიტიური ფუნქციები მნიშვნელოვნადაა შეზღუდული… ბორის გოგიჩაიშვილმა სრულყოფილად საკუთარი საცხოვრებელიც ვერ გაიხსენა“, – უთხრა ადვოკატმა თამარ კუჭავამ „რადიო თავისუფლებას“.
გოგიჩაიშვილი გორში ალკოჰოლის არალეგალურად წარმოების საქმეზე ბიზნესმენთან და ყოფილ მოკრივესთან, გიორგი კანდელაკთან ერთად დააკავეს. ამავე საქმეზე პატიმრობა შეეფარდა კიდევ 5 პირს.