ტრაგედია დატრიალდა დღეს ხაშურში, სამსახურიდან შინ დაბრუნებულ მამაკაცს 9 წლის შვილი გარდაცვლილი, მეუღლე კი უგონო მდგომარეობაში დახვდა. ქალი კომატოზური მდგომარეობით კლინიკაშია გადაყვანილი.
მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცი რკინიგზის თანამშრომელია და წუხელ იგი ღამის მორიგე ცვლაში მუშაობდა. ოჯახის ახლობლების თქმით, დედა-შვილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება, გარდაცვლილ ბიჭს ჯანმრთელობის თანდაყოლილი პრობლემები ჰქონდა და მკურნალობა უტარდებოდა, თუმცა, პარალელურად, სკოლაშიც დადიოდა.
ამ ეტაპზე, მომხდარის ერთ-ერთ არაოფიციალურ ვერსიად, საკვებით ინტოქსიკაცია განიხილება.
“ექიმები მოწამვლას ვარაუდობენ. ექსპერტიზა დაადგენს. სოკო არ აქვს ნაჭამი. ნაჭამი აქვს სახლში გაკეთებული აჯაფსანდალი, მგონი ძეხვიც. აიღეს ნიმუშები. პასუხს ელოდებიან ექსპერტიზის. ბავშვის დედა კომაშია, გულია ცოტა დაზიანებული. შეიძლება ბავშვი ნახა ამ მდგომარეობაში და მერე უფრო იმოქმედა ალბათ გულზე ამან” – ამბობენ ადგილობრივები.
ამბები. ge დაუკავშირდა ხაშურის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს, ბატონ დავით ჩიქოვანს, რომ მეტი დეტალი გაგვერკვია მომხდარი ტრაგედიის ირგვლივ. ბატონი დავითი ჯერჯერობით ვერ საუბრობს რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი.
დავით ჩიქოვანი:
– სამწუხარო ფაქტია, ჯერ ვერაფერს გეტყვით, ზუსტად არაფერი არ არის დაზუსტებული და დადგენილი. ახლა ვაგზავნით ლუგარის ლაბორატორიაში დედის პირნაღებ მასალას და ასევე მუშაობს სურსათის უვნებლობის სამსახურიც, ჩართულია კრიმინალური პოლიცია, რომელიც არკვევს კიდევ დეტალებს. სხვას ვერაფერს ვიტყვი.
– ამბობენ, რომ ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ბოტულიზმია…
– ამას ასე ვერ ვიტყვით. თუ არ იქნა ბაქტერია აღმოჩენილი როგორ ვიტყვით რომ ბოტულიზმი იყო. საეჭვო არის, ჩვენ ბევრ რამეზე ვეჭვობთ. ამიტომ ვაგზავნით ახლა პირნაღებ მასალას ლუგარის ლაბორატორიაში. მე არ ვყოფილვარ შემთხვევის ადგილზე. პოლიციის მიერ არის მოტანილი სახლიდან პირნაღები, ასევე დედას ზონდით ამოუღეს კუჭის შიგთავსიდან მასა და ვაგზავნით ორივე მასალას ახლა ლუგარის ლაბორატორიაში. რა დრო დასჭირდება და რა კვლევები დასჭირდება, ეს ჩვენ არ ვიცით, თავად ლაბორატორიამ იცის. ამას გარდა სურსათის უვნებლობის სამსახური პროდუქტებს თავად აგზავნის ლაბორატორიაში და ისინი ცალკე გააკეთებენ კვლევებს. სურსათიც ამოღებულია პოლიციის მიერ. ყველაფერზეა ეჭვი. ფიზიკურად კომუნიკაცია ვერ ხერხდება დედასთან, რადგან ქალბატონი გონზე არ არის.