სასამართლო პროცესებზე ეუთო/ოდირის მისიას რიგი დარვევების გამო არ ასწრებენ, - ამის შესახებ მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულთა ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ განაცხადა.
აღნიშნულით ის კოალიცია „ჩემი ხმა ევროკავშირის“ წევრის, გიორგი ბურჯანაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, "პოლიტიკური პატიმრების საქმეებზე „ოცნება“ ეუთო/ოდირს მონიტორინგის განხორციელებისთვის საჭირო თანხმობას არ აძლევს".
ცუცქირიძის განმარტებით, დამკვირვებლები სხდომაზე დაშვებისას ნახავენ, რომ ბრალდებულები სამართლიანი სასამართლოს უფლებით ვერ სარგებლობენ.
"უნდა აღინიშნოს, რომ ეუთო/ოდირის შემადგენლობა პრაქტიკოს, მეცნიერ, იურისტთა ჯგუფია მთელი ევროპის მასშტაბით. შესაბამისად, თუ ის მთავრობის მოწვეული წარმომადგენლობაა და ამ მიზნით არის მოწვეული, რომ დააკვირდეს სასამართლო განხილვების მიმდინარეობას, პროცესებს, ბუნებრივია, მათი პროცესებზე დასწრების უფლების შეზღუდვა ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურ შეზღუდვად. კანონი თუ განიმარტება იმგვარად, რომ ფოტო, ვიდეო, აუდიო საშუალებით პირს დასწრების უფლებების შეზღუდვა აქვს, ეს ავტომატურად არ უნდა გულისხმობდეს იმას, რომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის დასწრება პროცესებზე შეიზღუდოს. ჩვენ პროცესებზე ვაყენებთ შუამდგომლობას, რომ საჯაროობის პრინციპი ირღვევა, მათ შორის, იმით, რომ მედიას ვიდეოტრანსლირების საშუალება არ აქვს, ბუნებრივია, საჯაროობის განუყოფილი ნაწილია, როცა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას არ ეძლევა პროცესზე დასწრების შესაძლებლობა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ არამხოლოდ განაჩენებით დგინდება, რომ არარსებული მტკიცებულებებით გამოდის პირების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი, არამედ, არსებითი განხილვებისას ვერც ერთი ბრალდებული, რომელთა უფლებაცაა სამართლიანი სასამართლო, მას ვერ იღებს. ეს იქნება კითხვების ნაწილში შეზღუდვა, ეს იქნება შუამდგომლობებში შეზღუდვა, შუალედური გადაწყვეტილებები, თუ არდაკმაყოფილებული აცილების შუამდგომლობები. ეს მთლიანობაში სამართლიანი სასამართლოს შემადგენელი ნაწილია. ეს ყველაფერი, აღნიშნული დარღვევები დგინდება ყველა პროცესზე, ერთ პროცესზეც კი, ეუთო/ოდირის მისიის დასწრება გამოიწვევს იმას, რომ ისინი ძალიან კარგად ნახავენ, რომ არა საერთო ჯამში, სამართლიანი სასამართლოს ნაწილია შეზღუდული ბრალდებულების მიმართ, არამედ, თითოეულ პროცესზე, რიგი შუალედური გადაწყვეტილებებით ირღვევა სამართლიანი სასამართლოს უფლება. ამ პირებს სწორედ ამ რიგი დარვევების გამო არ ასწრებენ",- განაცხადა ცუცქირიძემ.