ბოლივიაში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც, 15 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
ბოლივიის საჰაერო ძალების Hercules-ის ტიპის თვითმფრინავი ქალაქ ელ-ალტოში აეროპორტთან ახლოს გზატკეცილზე ჩამოვარდა და ავტომობილებს შეეჯახა.
ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, თვითმფრინავი დაფრენისას აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის საზღვრებს გასცდა.
ბოლივიის ჯანდაცვის მინისტრის, მარსელა ფლორესის განცხადებით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 30 დაშავდა.
თვითმფრინავს ბოლივიის ცენტრალური ბანკიდან ახალი ბანკნოტები გადაჰქონდა.
სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ ბანკნოტები გზატკეცილზე მიმოიფანტა. ფულის აკრეფის მიზნით შემთხვევის ადგილზე მოსახლეობა გამოვიდა და პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
პოლიციაში აღნიშნეს, რომ 12 ადამიანი დააკავეს, რომლებიც ბანკნოტების მოპარვას ცდილობდნენ.