ბოლო ორ წელიწადში, საქართველო მედიის თავისუფლების ინდექსში 37 ადგილით ჩამოქვეითდა

ბოლო ორ წელიწადში, საქართველო მედიის თავისუფლების ინდექსში 37 ადგილით ჩამოქვეითდა

14 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა

ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) 2025 წლის მედიის თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს პოზიცია 11 ადგილით ჩამოქვეითდა.

უახლესი შეფასებით, საქართველო 114-ე ადგილზეა 180 ქვეყანას შორის. შედარებისთვის, 2024 წელს ინდექსში 103-ე ადგილი გვეკავა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი წლის მონაცემებით ჯამში საქართველოს რეიტინგი 37 ადგილითაა გაუარესებული. 2023 წლის შეფასებით, საქართველო 77-ე ადგილზე იყო.

RSF აღნიშნავს, რომ საქართველოში, სახელმწიფოს ჩარევა ძირს უთხრის პრესის თავისუფლების გაუმჯობესების მცდელობებს.

"გარემო რჩება მტრული დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის, ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების მზარდი რაოდენობით. უცხოური გავლენის“ და „ოჯახური ღირებულებების“ შესახებ კანონების მიღება ჟურნალისტების მარგინალიზებას ახდენს, ცენზურის ქვეშ აქცევს მათ და ამცირებს სივრცეს სიტყვის თავისუფლებისთვის", - წერია შეფასებაში.

ორგანიზაცია მიმოიხილავს საქართველოში არსებულ მედიაგარემოს და აღნიშნავს, რომ მედია ლანდშაფტი მრავალფეროვანი და, ამავე დროს, პოლიტიკურად პოლარიზებულია. მანიპულირება, სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია ფართოდ არის გავრცელებული მედიაში, განსაკუთრებით ტელევიზიით.

პოლიტიკურ კონტექსტში აღნიშნულია, რომ ქვეყანა ახალ და სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისს განიცდის 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. შეფასების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა პოლიტიკურ პარტიებს მედიასაშუალებების ფლობას უკრძალავს, დიდი ქსელები, როგორც წესი, იცავენ თავიანთი მფლობელების ინტერესებს, რომლებსაც ხშირად მჭიდრო კავშირები აქვთ პოლიტიკურ ლიდერებთან. იგივე ეხება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მედიას, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ძლიერი ჩარევის ობიექტია. ამავდროულად, ხელისუფლება ხშირად უარს ამბობს უპასუხოს კრიტიკულ მედიას და ზოგჯერ მიმართავს ცენზურას, დარბევას, ცილისწამების კამპანიას და დაშინებას.

სამართლებრივი ჩარჩოს კომპონენტში აღნიშნულია, რომ მთავრობას ჯერ კიდევ არ შეუსრულებია ევროკავშირის რეკომენდაცია პრესის თავისუფლების შესახებ, რაც აუცილებელი ნაბიჯი იყო წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებამდე. წინა რეფორმებისგან განსხვავებით, რომლებიც აძლიერებს პლურალიზმისა და მედიაში გამჭვირვალობას, მთავრობამ მიიღო რეპრესიული კანონები, რომელიც ძირს უთხრის მედიის თავისუფლებას.

ასევე, განხილულია ეკონომიკური კონტექსტი. ორგანიზაცია ქართული მედიის ფინანსურ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას იმ ფონზე, რომ განუვითარებელი სარეკლამო ბაზრის პირობებში, ბეჭდურ და ონლაინ მედიის დაფინანსების ძირითადი წყარო დასავლელი დონორები არიან, საკანონმდებლო ცვლილებები კი კერძო მედიას არათანაბარ კონკურენციაში აყენებს სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებულთან შედარებით.

უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, შეფასებაში აღნიშნულია, რომ ხშირია სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ჟურნალისტებზე, მათ შორის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან, განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიის დროს.

„2021 წლის ივლისში ჰომოფობიური კონტრდემონსტრაციების დროს, გულგრილი უსაფრთხოების ძალების თვალწინ, დაახლოებით 50 რეპორტიორზე ხანგრძლივი და სასტიკი თავდასხმა უპრეცედენტო უკან გადადგმული ნაბიჯი იყო. გამოძიების გამჭვირვალობისა და პროგრესის არ არსებობა მეტყველებს, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ დანაშაულის ჩამდენები დაუსჯელობით სარგებლობენ",- წერია შეფასებაში.

ცნობისთვის, RSF-ის ინდექსი 2002 წლიდან აფასებს მედიის თავისუფლებას მსოფლიოში.

 

წყარო:  https://bm.ge/news/bolo-or-tselitsadshi-saqartvelo-mediis-tavisuflebis-indeqsshi-37-adgilit-chamoqveitda

პოსტი ნახა: 33


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე