დონალდ ტრამპმა თანაშემწეებს დაავალა, რომ ირანის ხანგრძლივი ბლოკადისთვის მოემზადონ, - ინფორმაციას Wall Street Journal-ი ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, თანაშემწეებთან ბოლოდროინდელი შეხვედრების დროს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, რომ ბლოკადის მეშვეობით ირანის ეკონომიკასა და ნავთობის ექსპორტზე ზეწოლა გააძლიეროს.
ამერიკელი ოფიციალური პირების ცნობით, დონალდ ტრამპს მიაჩნია, რომ ირანში საჰაერო იერიშების განახლება ან კონფლიქტიდან გასვლა უფრო მეტ რისკს უკავშირდება, ვიდრე ბლოკადის შენარჩუნება, რომელიც ირანის პორტების გარშემო მოქმედებს.
ამასთან, Reuters-ი წერს, რომ აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოები შეისწავლიან სცენარს, თუ როგორი რეაქცია ექნება ირანს იმ შემთხვევაში, თუ დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ომში აშშ-ის გამარჯვებას გამოაცხადებს.
როგორც გამოცემასთან საუბარში წყაროებმა აღნიშნეს, აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოები ამ საკითხს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირების დავალებით სწავლობენ, რათა გაიგონ რა შედეგი ექნება ტრამპის მიერ კონფლიქტიდან გამოსვლას შემოდგომაზე დაგეგმილი შუალედური არჩევნების დროს „რესპუბლიკელთა“ შანსებზე.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და არსებობს შანსი იმისა, რომ დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები განაახლოს, თუმცა დეესკალაციამ შესაძლოა აშშ-ის პრეზიდენტზე პოლიტიკური ზეწოლა შეამციროს.