ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

17-02-2025 20:13
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 1009

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, სს „ქართუ ბანკის“ თითქოსდა სპეციალურად დაჯარიმების შესახებ, არის სრული სპეკულაცია და მოსახლეობის განზრახ შეცდომაში შეყვანას ემსახურება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული.

„მოგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი თავისი საზედამხედველო მანდატის ფარგლებში ახორციელებს საფინანსო სექტორის ყველა წარმომადგენლის პერიოდულ შემოწმებას. სებ-ის პირდაპირი ვალდებულებაა, მოიკვლიოს რეგულაციების დარღვევის ფაქტები და მოახდინოს რეაგირება. შემოწმება მიზნად ისახავს მოქმედ კანონმდებლობასთან კომერციული ბანკის შესაბამისობის დადგენას, მათ შორის, შიდა კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესებას.

შემოწმების შედეგად საფინანსო სექტორის წარმომადგენელთათვის განისაზღვრება შესაბამისი რეკომენდაციები და გასატარებელი ღონისძიებები. მათ შორის, სებ-ის ზედამხედველობის ფარგლებში, შესაძლოა, კომერციულ სუბიექტს ფულადი ჯარიმაც დაეკისროს. ცნობისთვის, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ბანკებისთვის დაკისრებული ჯარიმების რაოდენობა 100-ზე მეტია.

მათ შორის, არსებული მიდგომით ისარგებლა სებ-მა სს „ქართუ ბანკთან“ მიმართებაშიც. 2023 წლის აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში „ქართუ ბანკის“ მხრიდან კონკრეტული ტრანზაქციის განხორციელება-აღრიცხვის პროცესში მოქმედ რეგულაციებთან მთელი რიგი შეუსაბამობები დადგინდა ანალიზისა და შესწავლის შედეგად და არა – მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, როგორც ეს სხვადასხვა მხარის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებში ისმის. შესწავლის შედეგად ბანკს დაუწესდა ჯარიმა და მიეცა მითითებები. ასევე, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს „ქართუ ბანკი“ აქამდე არ დაჯარიმებულა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სებ-ის მიერ არაერთხელ გამოყენებულა სხვადასხვა სახის საჯარიმო ზომა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების, მათ შორის „ქართუ ბანკის“ მიმართაც.

აქვე, ხაზს ვუსვამთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საბანკო სისტემის საზედამხედველო პროცესი საერთაშორისოდ აღიარებული რისკზე დამყარებული მიდგომის შესაბამისად წარიმართება. აღნიშნული, მათ შორის, მოიცავს საჯარო ინფორმაციის განგრძობით მონიტორინგს, რათა მაქსიმალურად ადეკვატურად მოხდეს ამა თუ იმ კომერციული ბანკის რისკის პროფილის შეფასება და საზედამხედველო გადაწყვეტილებების მიღება.

ამასთან, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ფინანსური ინსტიტუტების მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმების დაწესება ეროვნული ბანკისთვის ორგანული კანონით მინიჭებული უფლებამოსილებაა. ამიტომ ჩვენთვის გაუგებარია ყველა ის კითხვა, რომელიც სებ-ის მიერ მანდატით მინიჭებული ვალდებულების პირნათლად შესრულების გამო გაჩნდა“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

 


მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე