გაერთიანებული სამეფოს პოლიციამ ირანის სადაზვერვო სამსახურების დახმარებაში ეჭვმიტანილი ოთხი მამაკაცი დააკავა, - ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.
მეტროპოლიტენის პოლიციის ცნობით, ოთხივე პირი ანტიტერორისტული გამოძიების ფარგლებში დააკავეს და ეჭვმიტანილი არიან „ლონდონის ტერიტორიაზე ებრაულ თემთან დაკავშირებული ადგილებისა და პირების“ თვალთვალში.
„ისინი დააკავეს ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების აქტის საფუძველზე, რომელიც მოიცავს უცხოური სადაზვერვო სამსახურის დახმარებასთან დაკავშირებულ ქმედებებს. ქვეყანა, რომელსაც გამოძიება ეხება, არის ირანი“, - განაცხადეს სამართალდამცავებმა.
დაკავებულებიდან ერთი ირანის მოქალაქეა, სამი კი ბრიტანეთისა და ირანის ორმაგი მოქალაქეა.
ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციის კონტრტერორისტული განყოფილების უფროსმა ჰელენ ფლანაგანმა განაცხადა, რომ დაკავებები ხანგრძლივი გამოძიების ნაწილია.