მცხეთის, შიდა და ქვემო ქართლის რეგიონებს შორის სატრანსპორტო კავშირის გასაუმჯობესებლად ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იწყება. ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი მნიშვნელობის ქსანი-სასხორის გზის 2.9 კმ სიგრძის მონაკვეთს ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია და მდინარე მტკვარზე აშენდება ახალი 389-მეტრიანი ხიდი.
უწყების ცნობით, სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 20 მილიონ ლარს შეადგენს და სრულად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
„ქვემო ქართლი, შიდა ქართლი და მცხეთა-მთიანეთი ნიჩბისი-დიდგორის მიმართულებით უმოკლესი გზით დაუკავშირდებიან ერთმანეთს, რაც გააუმჯობესებს გადაადგილების ხარისხს და გაამარტივებს სატრანსპორტო მიმოსვლას. ამავდროულად, განიტვირთება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, განსაკუთრებით თბილისის შემოსასვლელი მონაკვეთი.
მათივე ინფორმაციით, პროექტი ხელს შეუწყობს მჭიდროდ დასახლებული სოფელ ქსანის, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამრეწველო ზონის განვითარებას. ამჟამად, სოფელში მისასვლელად გამოიყენება ქანდა-ქსნის გზა, რომელიც ჩქაროსნულ მაგისტრალს პირდაპირ უკავშირდება,“- აღნიშნულია განცხადებაში.