გარდაიცავლა პროფესორი ლია კახიანი

გარდაიცავლა პროფესორი ლია კახიანი

23-10-2025 15:39
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 884

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს საინჟინრო სკოლის თვალსაჩინო მოღვაწის, გამორჩეული მეცნიერ-მკვლევრისა და ღვაწლმოსილი პედაგოგის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, უნივერსიტეტის „ქალთა ასოციაციის“ წევრის, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ლია კახიანის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებს, უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტს და საინჟინრო საზოგადოებას.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამძიმრის წერილშია აღნიშნული, პროფესორმა ლია კახიანმა მთელი თავისი ცხოვრება სამშენებლო დარგის განვითარებასა და საქართველოში საინჟინრო-ტექნიკური განათლების სრულყოფას მიუძღვნა.

“90 წლის ასაკში გარდაიცვალა საინჟინრო სკოლის თვალსაჩინო მოღვაწე, შესანიშნავი მეცნიერი და პედაგოგი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ლია კახიანი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება სამშენებლო დარგის განვითარებას და საქართველოში საინჟინრო-ტექნიკური განათლების სრულყოფას მიუძღვნა.

პროფესორი ლია კახიანი გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმით, დარგის სიღრმისეული ცოდნით, უდიდესი შრომისმოყვარეობით და აკადემიური თუ სამემეცნიერო საკითხებისადმი პრინციპული მიდგომით. მის კვლევით სფერო მოიცავდა სამშენებლო კონსტრუქციებს, სეისმომედეგობას და რკინაბეტონის რღვევის მექანიკას; მისი ავტორობით გამოქვეყნდა 114 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის: 8 მონოგრაფია, 12 სახელმძღვანელო, 21 მეთოდური მითითება და „ევროკოდი 2“ ქართულ ენაზე. ლია კახიანი აქტიურად იყო ჩართული არაერთ კვლევით პროექტში, მონაწილეობდა სამეცნიერო კონფერენციებსა და ფორუმებში, იყო უნივერსიტეტის „ქალთა ასოციაციის“ წევრი. მისი სიტყვა და საქმე ყოველთვის მიიჩნეოდა მაღალპროფესიონალურ და ზუსტ შეფასებად.

ქალბატონი ლია კახიანი ყველას უზომოდ გვიყვარდა უნივერსიტეტში, მის მშობლიურ სამშენებლო ფაკულტეტზე - კოლეგებს, მეგობრებს, ახალგაზრდა თანამშრომლებსა და სტუდენტებს. მისი ლექციები მუდამ საინტერესო და შთამაგონებელი იყო - ახალგაზრდებს აძლევდა სიღრმისეულ ცოდნას, უყალიბებდა საინჟინრო აზროვნების კულტურასა და საქმისადმი პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას. განსაკუთრებულია მისი ღვაწლი ახალგაზრდა მკვლევართა და დოქტორანტთა აღზრდის მხრივ. მრავალი მათგანი დღეს წარმატებით აგრძელებს პედაგოგიურ, სამეცნიერო და საინჟინრო საქმიანობას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი უფროსი კოლეგის, ძვირფასი მეგობრის - პროფესორ ლია კახიანის გარდაცვალების გამო. მისი არყოფნა უდიდესი დანაკლისი იქნება სამშენებლო ფაკულტეტისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოებისთვის, ჩვენი ქვეყნის საინჟინრო სკოლისთვის. სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, ახლობლებს, აღზრდილებს. პროფესორ ლია კახიანის სახელი და დამსახურება სამუდამოდ დარჩება სამშენებლო ფაკულტეტის ისტორიასა და ჩვენს მეხსიერებაში,” - აღნიშნულია რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სამძიმრის წერილში.



მსგავსი სიახლეები

თბილისის ახალი ზოოპარკი დამთვალიერებლებს ზაფხულიდან მიიღებს. როგორც  ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ განaცხადა, სავარაუდოდ, ახალი ზოოპარკი, ვიზიტორების მიღებას ივლისის პირველი ნახევრიდან შეძლებს. ზოოპარკის პირველი ბინადრები კავკასიის რეგიონში გავრცელებული ცხოველები - დათვები, მგლები, ირმები და ნიამორები არიან. დამთვალიერებლებისთვის პირველ ეტაპზე მხოლოდ კავკასიური ნაწილი იქნება გახსნილი, მომდევნო წელს კი მას აფრიკული ნაწილი დაემატება. რაც შეეხება ზოოპარკში შესვლის ბილეთის ფასს, როგორც „თბილისის ზოოპარკში“ განმარტავენ, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა იქნება ბილეთის საფასური.

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე