გიორგი ბაჩიაშვილი - დღევანდელი სისტემა 21-ე საუკუნის „მხედრიონია“ -  მე ვარ არა პატიმარი, არამედ ტყვე, გატაცებული, დამწყვდეული, ნაწამები მხოლოდ იმისთვის, რომ ივანიშვილმა რამენაირად ფული გამომძალოს

გიორგი ბაჩიაშვილი - დღევანდელი სისტემა 21-ე საუკუნის „მხედრიონია“ - მე ვარ არა პატიმარი, არამედ ტყვე, გატაცებული, დამწყვდეული, ნაწამები მხოლოდ იმისთვის, რომ ივანიშვილმა რამენაირად ფული გამომძალოს

20 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა სამართალი
პოსტი ნახა: 342

ეს პროცესი ჩემს გარშემო 2 წლის წინ და დაიწყო. მაშინ ჯერ კიდევ არსებობდა ქვეყანაში დემოკრატია, მაგრამ შემდეგ დაიწყო შურისძიება. მე უარი ვთქვი ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, - ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბაჩიაშვილმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოში მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესების მიუხედავად მას ქვეყნის დატოვების სურვილი არ ჰქონდა, იძულებული გახდა, რომ ქვეყანა დაეტოვებინა.

„ეს პროცესი ჩემ გარშემო 2 წლის წინ და დაიწყო. ჯერ კიდევ მაშინ, გარკვეული დემოკრატიის შირმა ჰქონდა ჩვენი ქვეყნის მთავრობას შენარჩუნებული. მე მაშინვე დავიწყე იმაზე საუბარი, რა მიზეზით დაიწყო ჩემ წინააღმდეგ დევნა. ამ დევნის რეალური მიზეზი არის პოლიტიკური და პირადი შურისძიება. იქიდან გამომდინარე, რომ მე უარი ვთქვი იმ დროს ანტიდასავლურ პროპაგანდასა და იმ ანტიდასავლურ ქმედებებზე, რომლისთვისაც დღეს მთელი ჩვენი მთავრობა, თქვენი ძალიან ბევრი კოლეგა [მოსამართლეები] და ბევრი პროკურორია დასანქცირებული. დღეს უკვე აღარცერთი საერთაშორისო ინსტიტუტისთვის, საქართველოში არსებული არცერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტისთვის, სამწუხაროდ, სასამართლოს ნდობა არის დაბალ დონეზე. პირადად მე, მთელი საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის ნდობა მაქვს ნული, თქვენი პირადი დიდი პატივისცემის მიუხედავად. არ დარჩა არცერთი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელმაც არ შეაფასა ეს შეკერილი საქმე, რომელშიც არ არის არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, გარდა ივანიშვილის ჩვენებისა. შესაბამისად, ეს გასამართლება სრულად პოლიტიკური და შეკვეთილი სამართლის ცხადი მაგალითია.

მე მართლა არ დამიტოვებია საქართველო 2 წლის განმავლობაში. მხოლოდ მაშინ გავხდი იძულებული, როცა პირდაპირ მომივიდა ინფორმაცია ციხეში შენს წამებას აპირებენო, "გაგჭყლიტავს ციხეში" - ივანიშვილმა ასე თქვაო. ზუსტად ამ სიტყვების შემდეგ გადავწყვიტე ქვეყნის დატოვება. რა მოხდა ამის შემდეგ - თავზე „მეშოკ ჩამოფარებული“ ორი დღე მატარეს აბუდაბსა და დუბაიში. ადვოკატის, მოსამართლისა და პროკურორის შეხვედრის უფლების გარეშე და ძალით შემათრიეს „აირზენას“ თვითმფრინავზე, სადაც დამხვდა ანრი ოხანაშვილი და კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანი, ყველანაირი კანონის დარღვევით. დღეს მე თქვენ წინაშე ვდგავარ მოტაცებული. მე პატიმარი არ ვარ, მე ვარ ტყვე, ყველანაირი საერთაშორისო კანონმდებლობით. ვითომ რომ მიპოვეს თეთრი მაისურითა და თეთრი ფეხსაცმლით, სადღაც მდინარე გადმოცურული, ეს არის სიცრუე. ამ მოტაცებაზე გამოძიების დაწყება ვითხოვე ჯერ კიდევ 29 მაისს, როცა ჩემი სასამართლო სხდომა იყო სხვა საქმეზე. არცერთი ადამიანი არ დაკითხულა, არც მე დავკითხულვარ. არანაირი პროცედურა არ გაუტარებიათ.

როცა აქ ჩამომიყვანეს, ტყვეობაში, მომიწყვეს წამება 11 ივლისს. ქსნის საპყრობილიდან საგულდაგულოდ ჩამოიყვანეს ჯალათი. გაიღო კამერის კარი, დამიწყო გინება, ცემა, შუშით დამუქრება, გამიტეხა თავი, ხელი გამიჭრა და მრავალი სხვა დაზიანება მაქვს მიღებული. არც კამერები წარმოუდგენია ჩვენთვის არავის ჯერჯერობით და არც დაზარებულად მაღიარეს.

როცა ვამბობდი, რომ მთავრობა ატრიალებდა ამ ყველაფერს, თვეების შემდეგ დაასანქცირეს ყველა, ამ ბატონის [პროკურორის] ორივე უფროსი, ამ სასამართლოს ხელმძღვანელები... ტყუილუბრალოდ ხომ არ დაასანქცირეს თუ გლობალური ომის პარტია ებრძვის ყველას?!

არაერთმა საერთაშორისო დამკვირვებელმა, იურისტმა პირდაპირ თქვა, რომ ამ საქმეს სამართალთან კავშირი არ ჰქონია და თქვენ თუ ჩახედული გაქვთ, პირდაპირი მტკიცებულება არცერთი არაა. რეალურად ეს არის პოლიტიკურად შეკვეთილი, განხორციელებული პირადი შურისძიება.

კარგად გახსოვთ, ალბათ, „მხედრიონის“ დრო. დღევანდელი სისტემა, ამ ბატონის [პროკურორის] უწყების თამადობით, სამწუხაროდ, თქვენი სხვა კოლეგების თამადობით, 21-ე საუკუნის საქართველოს „მხედრიონია“ და ვარ მე დღეს გატაცებული, დამწყვდეული, ნაწამები, მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ივანიშვილმა რამენაირად ფული გამომძალოს. წამებამდე ორი დღით ადრე ციხის უფროსმა შემიყვანა კაბინეტში და მითხრა, „ივანიშვილს გაუხსენი ახლა შენი საფულეები, თორემ ხომ იცი რანაირი ხალხი ზის ციხეშიო“.

დავუბრუნდები ისევ საქმეს - ვითომ დანაშაულის ჩადენიდან საქმის დაწყებამდე გავიდა 7 წელი. ადამიანს მილიარდი თურმე მოჰპარეს და 7 წელი არ იცოდა, მენდობოდა. ამ საქმეს რომ იწყებ 7 წლის შემდეგ, ვერცერთი უტყუარი მტკიცებულებით ამას ვერ ამყარებს, გარდა თავისი და თავისი თანამშრომლების ჩვენებებისა. სხდომები დახურულ რეჟიმში იმართებოდა და ისეთ დახურულ რეჟიმში რომელიც აწყობდა, მხოლოდ და მხოლოდ პირადად ივანიშვილს. სასამართლომ წამართვა საბოლოო სიტყვის უფლება. სასამართლოს არ აინტერესებდა არც ჩემი პოზიცია, არც ჩემი სიტყვა. სასამართლოს განაჩენი დღეებითა და კვირებით ადრე ჰქონდა დაწერილი.

ამ საქმეში რასაც ივანიშვილი ამბობს, ეგ რომ სიმართლესთან ოდნავ მაინც ახლოს ყოფილიყო, საუკეთესო შემთხვევაში, ეს საქმე იქნებოდა სამოქალაქო საქმე. ივანიშვილი მედავება, რომ იყო ვითომ ინვესტორი და ინვესტორებს შორის საქმეს არ არის სისხლის სამართლის საქმე. ჩემი გატაცების ამბავში იყო ჩართული არამხოლოდ ჩრდილოვანი სტრუქტურები, არამედ სუს-ი და „აირზენა“.

ციხეში მოხვედრიდან გარკვეული დროის შემდეგ, ჩემს წამებამდე კვირა ნახევრით ადრე, გამიწყვიტეს ყველანაირი კავშირი გარემოსამყაროსთან. ჩემს ადვოკატთან დარეკვის უფლება არ მომცეს, თითქოსდა, მოწმეებზე ზეწოლა რომ არ მომეხდინა. ანუ მანამდე ორი წელი გარეთ როცა ვიყავი, მაშინ მქონდა მოწმეებზე ზემოქმედების უფლება, მაგრამ ვერანაირ მტკიცებულებას ვერ ნახავდნენ, რომ მეცადა მაინც ვინმეზე ზემოქმედება, მაგრამ ჩამიკეტეს გარეთ წვდომა, ადვოკატთან დარეკვის უფლებაც ამიკრძალეს. რატომ? - იმიტომ, რომ როცა ის ნაძირალა შემოიყვანეს ჩემს საწამებლად, ვერ დამერეკა და 63 საათი არ უშვებდნენ ადვოკატს ჩემთან. სახალხო დამცველთანაც არ მარეკვინებდნენ. საავადმყოფოში რომ წამიყვანეს, იმ საავადმყოფოში ჰოსპიტალიზება რომ არ მოეხდინათ, ვითომ ჩემი სიმპტომები არ ენახათ, ამოიღეს ინფორმაციიდან. რასაც ვამბობდი, ის არ ჩაუწერიათ. უარს რომ ვამბობდი წამოსვლაზე, ამიყვანეს და წამომათრიეს უკან ციხეში. ამ წამებას დაამატეს არაადამიანური მოპყრობა. ეს ბატონი [პროკურორი] ამბობს, რომ ამას საქმესთან კავშირი არ აქვს. როგორ არ აქვს კავშირი?!

არცერთ ეტაპზე, ჩემ მიმართ სამართალი არ განხორციელებულა! ჩემ შემთხვევაში მიდის გამოძალვა, ესენი არიან გამომძალველი „მხედრიონელების“ პირდაპირი წარმომადგენლები. ნუ გახდებით ამ გამომძალველი, ამ დანაშაულებრივი მანქანის ხელში იარაღი!“ - განაცხადა ბაჩიაშვილმა.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე