ბორის გოგიჩაიშვილს თირკმლის ავთვისებიანი, მეოთხე სტადიის სიმსივნე აქვს. ის მეტასტაზური და სწრაფად პროგრესირებადია. ორგანოს ვერ ნახავთ, სადაც მეტასტაზი არაა. გოგიჩაიშვილს ახლახან თავის ტვინის ტრეპანაცია ჩაუტარდა, რადგან თავის ტვინში მეტასტაზი აღენიშნებოდა, - ამის შესახებ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებული, გორის საკრებულოს წევრის, 67 წლის ბორის გოგიჩაიშვილის ადვოკატმა თამარ კუჭავამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მან მოსამართლეს ბორის გოგიჩაიშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტაცია წარუდგინა.
კუჭავამ გორის საკრებულოს წევრის 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება სთხოვა.
ადვოკატის თქმით, გოგიჩაიშვილს კოგნიტური პრობლემა აქვს, ის კი ისე გამოჰკითხეს, ადვოკატიც არ ჰყოლია.
„ბატონი ბორისი უმძიმესი დაავადებით და დიაგნოზით არის წარმოდგენილი. მისი კოგნიტური ფუნქციები მნიშვნელოვნადაა შეზღუდული. სახეზე იყო სავალდებულო დაცვის უფლება... ბორის გოგიჩაიშვილმა სრულყოფილად საკუთარი საცხოვრებელიც ვერ გაიხსენა. ის ღამის 2 საათზე, ადვოკატის გარეშე გამოიკითხა. მისი ჩვენებიდან ახლა შემიძლია ნებისმიერი აბზაცი წავიკითხო და ვთხოვო მას, აბა თუ გაიმეორებს. სწორედ მისი გამოკითხვის ოქმი დაედო გიორგი კანდელაკის ბრალდებას.
ბორის გოგიჩაიშვილის ჩვენება არის ერთადერთი, რაც კანდელაკის წინააღმდეგაა.
ერთადერთი მტკიცებულება საქმეში ამ ორ პირს შორის გაგზავნილი ფოტოსურათია, რომელიც ერთ-ერთ ალკოჰოლურ სასმელს ასახავდა, თითქოს, ის გაყალბებული იყო.
რაც შეეხება გიორგი ბიბილაშვილს, ის ქარხანაში მუშად მუშაობდა.
ალექსანდრე კურტანიძე სხვადასხვა ხელშეკრულებებს აფორმებდა“, - განაცხადა კუჭავამ.
მან დეტალურად ისაუბრა გოგიჩაიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და მოსამართლეს სამედიცინო დასკვნები წარუდგინა.
„ბორის გოგიჩაიშვილს ავთვისებიანი სიმსივნე აქვს. კარგად ვიცი, სიმსივნის სახეები და სტადიები. ბატონი ბორისის დიაგნოზი თირკმლის ავთვისებიანი სიმსივნეა, სტადია მეოთხეა. მეტასტაზური და სწრაფად პროგრესირებადია.
აგვისტოს კვლევით, მას მარცხენა ფილტვის ზედა ნაწილში, ძვლოვან ნაწილში, მუცლის ღრუში მრავლობითი მეტასტაზები აღენიშნება. ორგანოს ვერ ნახავთ, მას მეტასტაზი არ ჰქონდეს. მას ახლახან თავის ტვინის ტრეპანაცია ჩაუტარდა, რადგან თავის ტვინში მეტასტაზი აღენიშნებოდა. მინდა დადასტურებით გითხრათ, არათუ გამოძიებისთვის ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება, თუ თქვენ მის მიმართ პატიმრობას გამოიყენებთ, ვერ გეტყვით, რომ ერთი კვირაც გაძლებს საპატიმროში.
მას ქიმიოთერაპია, სხივოთერაპია, რადიოთერაპია კომპლექსურად უტარდება, მან ორი დღის განმავლობაში საჭმელიც ვერ მიიღო.
როგორც ადამიანს, როგორც მოსამართლეს მინდა გთხოვოთ, ეს გარემოება გაითვალისწინოთ... გთავაზობთ 50 000-ლარიან გირაოს. თუ თქვენ ჩათვლით, რომ ის ამ მდგომარეობაში მოწმეებზე მოახდენს ზემოქმედებას, ჩამოასხამს სასმელს, არ ვიცი... საჭირო ოთახამდე ვერ მიდის“, - განაცხადა კუჭავამ.
ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 75 137 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი და 318 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღო, რასთან დაკავშირებითაც 7 პირი, მათ შორის, გიორგი კანდელაკი დააკავა. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ღირებულების მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება და შენახვა ), ასევე, 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნისა და რეგისტრირებული საფირმო სახელწოდებით უკანონოდ ნიშანდებული საქონლის წარმოება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა 2022 წლიდან, ფინანსური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნეს.
მათ ქალაქ გორში იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე მოწყობილი ჰქონდათ დანაშაულის ჩასადენად გამოსაყენებელი ინფრასტრუქტურა და სრული ტექნიკური აღჭურვილობა, სადაც სისტემატურად ახორციელებდნენ აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ალკოჰოლური სასმელების - ვისკისა და არყის აქციზური მარკის გარეშე დამზადებასა და შენახვას, მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
დაკავებულები არიან: გიორგი კანდელაკი, ბორის გოგიჩაიშვილი, თენგიზ გულორდავა, ალეკო კურტანიძე, ქართლოს ჯალაბაძე, გიორგი ბიბილაშვილი, გიორგი ქავთარაძე.