Green Card-ის (მწვანე ბარათის) გათამაშება ფასიანი ხდება – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს მთავრობის ოფიციალური იურიდიული გამოცემა Federal Register ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 16 ოქტომბრიდან რეგისტრაციის საფასური 1 დოლარით განისაზღვრა. თუმცა პროგრამის გამარჯვებულებისთვის 330 დოლარის ოდენობის გადასახადი უცვლელი რჩება. საფასური არ ბრუნდება და არც მომდევნო წლებზე გადადის.
უწყების ცნობით, 1-დოლარიანი საფასურის მიზანი ადმინისტრაციული ხარჯის თანაბრად გადანაწილებაა პროგრამაზე, რომელიც ყოველწლიურად ათობით მილიონ განაცხადს ამუშავებს. მოელიან, რომ ახალი საფასური ხელს შეუწყობს თაღლითობისა და ყალბი განაცხადების რაოდენობის შემცირებას, ასევე, მონაცემთა დამუშავებას გააუმჯობესებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის გამოთვლით, ახალი გადასახადი პროგრამის მუშაობისთვის, ოპერაციულ სისტემათა განახლებისა და უსაფრთხოების შემოწმების მხარდასაჭერად ყოველწლიურად, დაახლოებით, 25 მლნ დოლარის დამატებით შემოსავალს გამოიმუშავებს.
Bloomberg-ის შეფასებით, მონაწილეთა უმეტესობისთვის 1 დოლარის საფასური სიმბოლურია, თუმცა რესურსით შეზღუდული ქვეყნებიდან განმცხადებლებისთვის ამან შესაძლოა, სირთულეები შექმნას. ამასთან, საფასურს შესაძლოა, საერთაშორისო გადახდებზე მოქმედი საკომისიოც დაემატოს.
ექსპერტები ლატარიაში მონაწილე პირებს მხოლოდ აშშ-ის მთავრობის ოფიციალურ პორტალზე დარეგისტრირებას, ციფრული ფოტოებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის წინასწარ მომზადებას ურჩევენ, რომ განაცხადის წარდგენისას პრობლემები არ შეექმნათ.
ცნობისთვის, მწვანე ბარათი აშშ-ის საემიგრაციო სტატუსის დამადასტურებელი ბარათის არაფორმალური სახელია. ბარათი მფლობელს უფლებას აძლევს, ლეგალურად იცხოვროს და იმუშაოს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისარგებლოს სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით, მიიღოს კრედიტი შეღავათიანი პირობებით და ჰქონდეს აშშ-ს სოციალური დაზღვევის ნომერი.
რაც შეეხება სტატისტიკას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2024 წელს, DV-2025 პროგრამაზე 19 927 656 განაცხადი დარეგისტრირდა.