სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის, ლევან გაჩეჩილაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახის წევრებს თანადგომას უცხადებს.
როგორც პატრიარქის სამძიმარშია აღნიშნული, ლევან გაჩეჩილაძის გული სამშობლოს სიყვარულით იყო განმსჭვალული და საკუთარი შესაძლებლობები ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას შეალია.
„ლევან გაჩეჩილაძე მარადისობის მკვიდრი გახდა!
მისი გული სამშობლოს სიყვარულით იყო განმსჭვალული. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ მოწოდებით პოლიტიკოსი არ იყო, ამ გზას დაადგა და თავისი ნიჭი, გონება და შესაძლებლობები ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას შეალია.
მას ავადმყოფობის გამოც დიდი ბრძოლის გადატანა მოუწია, რამაც ღმერთთან დააახლოვა და მის წინაშე მაზიარებელ ქრისტიანად წარდგა.
ვწუხვართ ბატონ ლევანთან განშორების გამო და თანაგრძნობას ვუცხადებთ მის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მრავალრიცხოვან გულშემატკივართ… თუმცა, მოგეხსენებათ, მიწიერი ცხოვრება მხოლოდ მოსამზადებელი ეტაპია მარადიული მყოფობისათვის და გარდაცვალება არ ნიშნავს არ არსებობაში გადასვლას; ამიტომაც მას, ისევე, როგორც ნებისმიერ იმქვეყნად წასულ ადამიანს, სჭირდება სულიერი შეწევნა თქვენი ლოცვით და მის სახელზე აღსრულებული ქველმოქმედებით…
ღმერთმა დალოცოს ბატონი ლევანის უკვდავი სული და სავანესა მართალთასა დააწესოს, ხოლო ოჯახის წევრებს, თანამდგომთა და თანამგრძნობთ მიმადლოს ნუგეში და მშვიდობა“, – ნათქვამია ილია მეორის სამძიმარში.
ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ლევან გაჩეჩილაძე ვაკის სასაფლაოზე დღეს დაკრძალეს. ის 61 წლის ასაკში 20 აგვისტოს გარდაიცვალა.