ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი - საქართველოში რეგისტრირებულია 11 218  აივ ინფიცირებული პირი - მიმდინარე წელს გამოვლინდა 212 ახალი შემთხვევა

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი - საქართველოში რეგისტრირებულია 11 218 აივ ინფიცირებული პირი - მიმდინარე წელს გამოვლინდა 212 ახალი შემთხვევა

7 საათის წინ
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 195

18 მაისს შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნება.18 მაისს მსოფლიო 42-ჯერ, ხოლო საქართველო 29-ჯერ აღნიშნავს ამ დღეს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს საზოგადოებას:

პატივი მივაგოთ შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნას, რომელთა რაოდენობამ მსოფლიოში 40 მლნ-ს გადააჭარბა;

გამოვხატოთ სოლიდარობა აივ/შიდსით მცხოვრები ადამიანების მიმართ, რომელთა რიცხვი მსოფლიოში 39 მლნ-ზე მეტია;

ხელი შევუწყოთ საზოგადოების განათლებასა და მობილიზებას ეპიდემიის წინააღმდეგ, გამოვავლინოთ და ვუმკურნალოთ ყველა აივ ინფიცირებულ ადამიანს, რადგან მსოფლიოში მცხოვრები აივ ინფიცირებულების მხოლოდ 85%-მა იცის თავისი აივ სტატუსის შესახებ;

წვლილი შევიტანოთ აივ/შიდსთან ასოცირებული სტიგმისა და დისკრიმინაციის დამარცხებაში და ყველა ადამიანს მივცეთ მკურნალობის საშუალება, რადგან აივ თერაპიაზე ინფიცირებული პირების მხოლოდ 75% იმყოფება;

ჩავებათ აივ/შიდსის პრევენციის აქტიურ კამპანიაში, რომელიც გულისხმობს როგორც აივ ინფიცირებული პაციენტების გამოვლენას და მათ მკურნალობას, ასევე პრევენციულ ღონისძიებებს, რათა თავიდან იყოს აცილებული აივ-ის გადაცემის ახალი შემთხვევები და დავასრულოთ აივ/შიდსის ეპიდემია.

რაც შეეხება აივ ინფექცია/შიდსის ეპიდსიტუაციას საქართველოში:

დღეისათვის, მსოფლიო სიტუაციის მიხედვით, საქართველო მიეკუთვნება აივ/შიდსის კონცენტრირებული გავრცელების ქვეყნებს სტაბილური ეპიდემიოლოგიური სურათით.

2025 წლის 18 მაისის მონაცემებით თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 11 218 აივ ინფიცირებული პირი, მათგან 8 409 – მამაკაცი და 2 809 – ქალი; 2 402 პაციენტი გარდაიცვალა. მიმდინარე წელს გამოვლინდა აივ ინფექციის 212 ახალი შემთხვევა. არვ (ანტირეტროსულ) თერაპიას იტარებს 6900-ზე მეტი პაციენტი.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით შემდეგია:

30 % – ნარკოტიკების ინექციური მოხმარება;

53 % – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად;

14 % – მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან;

1.1 % – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით;

0.4 % – სისხლის გადასხმის შედეგად;

0.9 % – გადაცემის გზა დაუდგენელია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა გეოგრაფიული განაწილების მხრივ – აივ/შიდსის ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში, შემდეგ სამეგრელოში, აჭარასა და იმერეთში.

„გვახსოვს, ვმოქმედებთ, ვიბრძვით მომავლისთვის!“ - 2025 წელს მსოფლიო ამ დევიზით აღინიშნავს შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს, რომელიც მოგვიწოდებს, გარდაცვლილთა მოგონებასთან ერთად გამოვაცხადოთ გლობალური სოლიდარობა აივ ინფიცირებულების მიმართ, ვიმოქმედოთ, რათა დავარღვიოთ სტიგმისა და დისკრიმინაციის ბარიერები და ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ 2030 წლისათვის დასრულდეს აივ/შიდსის ეპიდემია.

შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღე პირველად სან-ფრანცისკოში 1983 წელს აღინიშნა. მოგვიანებით ამ დღის აღნიშვნა საერთაშორისო ტრადიციად იქცა და ყოველი წლის მაისის მესამე კვირას ათასობით ადამიანი ხელში ანთებული სანთლებით გამოდის ქუჩებში, რათა სოლიდარობა გამოუცხადოს აივ ინფექციით მცხოვრებ ადამიანებს და მათ ახლობლებს.



გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე