„ზოგადად, გახარია და კორუფცია ძალიან ახლოს მდგარი ცნებებია. პირველ რიგში, ვგულისხმობ პოლიტიკურ კორუფციას. ეს ადამიანი ემსახურება არა ქართველი ხალხის ინტერესებს, არამედ გარე დაკვეთებს ასრულებს. ეს არის სხვა არაფერი თუ არა პოლიტიკური კორუფცია. ასეთ ფონზე არც სხვა ტიპის კორუფცია არ გამიკვირდებოდა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, უნდა დაველოდოთ გამოძიებას. არ მაქვს უფლებამოსილება, რომ ასეთ საკითხებზე პოლიტიკური კომენტარი გავაკეთო,“ - განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, ელის, თუ არა რომ კორუფცია ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც გამოვლინდება, პრემიერი პასუხობს, რომ „ეჭვები შეიძლება მხოლოდ გამოძიებას ჰქონდეს“.
„რაც შეეხება დაჭერებს - ეს არ არის საქართველოს მთავრობის პრეროგატივა, ეს არის სამართალდამცავი სტრუქტურების პრეროგატივა. თუ რაიმე კითხვები გექნებათ კონკრეტულ სისხლის სამართლებრივ დანაშაულებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამის უწყებას. მე ვერავისზე ვერავითარი ეჭვი ვერ მექნება. ეჭვები შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ გამოძიებას და მიმართეთ მას ყველა თემასთან დაკავშირებით,“ - აღნიშნა კობახიძემ.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ხელისუფლება პრინციპულია.
„ოპოზიცია ტრაგიკულად უყურებს ჩვენს ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ. მუდმივად აკეთებენ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, თითქოს ეს არის მოჩვენებითი ბრძოლა. ამ დროს, თქვენ ხედავთ ფაქტებს. ფაქტი არის, რომ მთავრობის ყველა აქტი არის აბსოლუტურად გამჭვირვალე. ყველას მოვუწოდებთ, ჩახედონ აქტებს, რომელიც გამოიცა ამ ერთ წლის განმავლობაში და თუ სადმე კითხვის ნიშანი ექნებათ, მზად ვართ, ნებისმიერ კითხვას ვუპასუხოთ. არავითარი შეკითხვებიც კი არ არსებობს, მთავრობა მუშაობს არა მხოლოდ გამჭვირვალედ, არამედ სუფთად. პირდაპირი წესით პრივატიზაციის პრაქტიკა მთლიანად აღკვეთა, აბსოლუტურად გამჭვირვალეა შესყიდვები და ა.შ. ყველას შეუძლია ყველაფერს ჩახედოს. ჩვენ წელიწად-ნახევარში დავამტკიცეთ, რომ მზად ვართ, არა მხოლოდ გამჭვირვალედ, არამედ ბოლომდე სუფთად ვიმუშაოთ”, - განაცხადა კობახიძემ.