„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად, ამ ქალაქის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მერი მე-3 ვადით დაასახელა - უნდა შევძლოთ, რომ თბილისს, პროევროპულ ქალაქს არ ჰყავდეს პრორუსი მერი, რომლის მიმართ არსებობს მრავალი ბრალდება და შეკითხვა,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად, ამ ქალაქის ისტორიაში ყველაზე კორუმპირებული მერი, კიდევ ერთხელ, მე-3 ვადით დაასახელა და წარადგინა. მისი წარუმატებელი მმართველობა ყველა თბილისელმა საკუთარ თავზე, უსაფრთხოებაზე და ჯიბეზე იგრძნო. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ კახა კალაძემ თავის გუნდთან ერთად, ამ წლების განმავლობაში გაფლანგა თბილისის ბიუჯეტი, გაანადგურა ის სოციალური გარანტიები, რომლებიც ამ ქალაქში უნდა შეგვექმნა. კახა კალაძის მემკვიდრეობა ასეთია - ტოტალური კორუფცია, მოქალაქეთა ინტერესების შელახვა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი დეველოპერების მიერ ქალაქის განადგურება და მათი უსაშველო, უზარმაზარი მაჩვენებლებით გამდიდრება. გამდიდრებული ვიცე-მერები, სამსახურის უფროსები, გამგებლები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში არ ემსახურებოდნენ თბილისელების ინტერესებს, პირიქით, ემსახურებოდნენ ივანიშვილს და მათი გუნდის ინტერესებს.
ქალაქი სავსე სიღარიბით, სადაც 153 ათასი სოციალურად დაუცველი ცხოვრობს და ათასობით მოქალაქე სოციალური შემწეობის მიღების მოლოდინშია. საცობებით გაჭედილი თბილისი, რაც კახა კალაძის პერსონალური პასუხისმგებლობაა. ათიათასობით მიუსაფარი ძაღლი, რომელიც საფრთხეს უქმნის ქალაქს და მოსახლეობას. არ ხდება მიუსაფარი ძაღლების სწორი მართვა, რომელიც უნდა ასახავდეს ამ ქალაქის ჰუმანურობასა და უსაფრთხოების მთავარ გარანტიებს.
ტოტალური სიღარიბე, როცა 42 ათასი თბილისელი სოციალურ სასადილოებში ელოდება ერთ ულუფა საჭმელს და ათასობით მოქალაქე ფიზიკურად ვერ იღებს, ამ ერთ ულუფა საკვებს, რადგან არის მომლოდინეთა სიაში. კახა კალაძის სისტემის მიხედვით მომლოდინეთა სია ამაზრზენი და არაჰუმანურია, რადგან ვიღაც უნდა გარდაიცვალოს ამ სიიდან ან უნდა ამოიღონ, რომ სხვამ ჩაანაცვლოს უფასო სასადილოებში.
ჩამონგრეული „ვარკეთილისა“ და „გურამიშვილის“ მეტროები, გაუმართავი ინფრასტრუქტურა, რომელზეც პასუხისმგებლობა ეკისრება კალაძეს, რომელმაც მრავალგზის, ერთი და იმავე პარკის რეაბილიტაცია აჩვენა თბილისელებს და მრავალი ათეულობით მილიონი დახარჯა, რაც კორუფციაზე მიუთითებს. გაზრდილი ჯარიმები - ავტობუსით მგზავრობის ან პარკირების, ასევე სხვადასხვა საქალაქო სერვისის კუთხით, ეს კი ნიშნავს, რომ კახა კალაძე ყოველწლიურად თქვენი, თბილისელების ჯიბიდან იღებს ათეულობით მილიონ ლარს, რომელიც შემდეგ ისევ პარტიულ და ჩინოვნიკების ჯიბეებში ნაწილდება. გაორმაგებული ფასები არ ახსოვს ისტორიას, რომ 100%-ით გაზრდილიყოს ტარიფები. ასევე ურბანული გენოციდი, რომელიც კახა კალაძემ თბილისელების მოუწყო. ფხაკაძეების ცათამბჯენი იპოდრომზე, ცენტრალური პარკის ნაცვლად.
ყველა პირობა, რომელიც კახა კალაძემ დადო არის დარღვეული და დანაშაულებრივად გადაკეთებული, მხოლოდ ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.
დღეს, ჩვენ ძალიან მძიმე გამოწვევა გვაქვს, რომ ამ მემკვიდრეობის მქონე ყოფილი მერი, წარმოადგინეს მესამე ვადით კანდიდატად. უნდა შევძლოთ, რომ თბილისს, პროევროპულ ქალაქს არ ჰყავდეს პრორუსი მერი, რომლის მიმართ არსებობს მრავალი ბრალდება და შეკითხვა, რომლის ვიცე-მერებიც ჯერ კიდევ დაკავების რისკის ქვეშ არიან კორუფციული ბრალდებების გამო. ის არ უნდა გახდეს ამ ქალაქის თავკაცი. პროევროპულ თბილისს არ უნდა ჰყავდეს პრორუსი მერი“,- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.