🔴 ბატონო Levan Ioseliani - მივიღეთ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის 2026 წლის 11 სექტემბრის №26/7824 წერილი, რომლითაც დასრულდა წარმოება ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთის" 2026 წლის 3 აგვისტოს №96 განცხადებაზე.
სამწუხაროდ, ეს არის კიდევ ერთი პასუხი, რომელშიც ჩვენი მიმართვის არსებითი საკითხების ნაწილი სამართლებრივი შეფასების გარეშე დარჩა. ასეთი მიდგომა უკვე გვიჩენს სერიოზულ კითხვას, რეალურად იცავს თუ არა სახალხო დამცველი ჩვენს უფლებებს, თუ მისი რეაგირება სახელმწიფო უწყებების მოქმედებების გამართლებისა და ჩვენი განცხადებების ფორმალურად დასრულებით შემოიფარგლება.
🔺 3 აგვისტოს განცხადება ეხებოდა სახელმწიფო უწყებების მიერ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნების სისტემატურად უპასუხოდ დატოვებას. გაცნობებდით, რომ საჯარო ინფორმაციას სხვადასხვა დროს ითხოვდნენ ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი", ჯონდო ნანეტაშვილი, როგორც ფიზიკური პირი, და ტელეკომპანიის ჟურნალისტი შორენა ბიჭიკაშვილი.
თქვენს პასუხში შეფასებულია მოთხოვნილი ინფორმაციის საგადასახადო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საკითხი და გამართლებულია შემოსავლების სამსახურის მიერ კომპანიის რეგისტრაციის შეჩერების პერიოდში განცხადების განხილვაზე უარი. თუმცა პასუხის გარეშე დარჩა მთავარი საკითხი - ჰქონდათ თუ არა სახელმწიფო უწყებებს უფლება საერთოდ უპასუხოდ დაეტოვებინათ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნები.
თუ მოთხოვნილი ინფორმაციის ნაწილი საგადასახადო საიდუმლოებას წარმოადგენდა, ეს ვერ გაამართლებს სახელმწიფო უწყებების დუმილს და ვერ პასუხობს კითხვას, ათავისუფლებდა თუ არა ეს გარემოება მათ განმცხადებლისთვის კანონით დადგენილი წესით დასაბუთებული პასუხის გაცემის ვალდებულებისგან.
ასევე არ შეგიფასებიათ, რატომ დარჩა უპასუხოდ მოთხოვნები კომპანიის რეგისტრაციის აღდგენის შემდეგ, მათ შორის 2026 წლის 6 ივლისს კვლავ წარდგენილი განცხადებები და ჯონდო ნანეტაშვილის, როგორც ფიზიკური პირის, მიერ დამოუკიდებლად წარდგენილი მოთხოვნები.
კიდევ უფრო გაუგებარია თქვენი პოზიცია საგადასახადო საიდუმლოებასთან დაკავშირებით.
❎ თქვენს წერილში ტელეკომპანიების - "რუსთავი 2"-ისა და "იმედის" შესახებ ჩვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია ზოგადად საგადასახადო საიდუმლოებად არის მიჩნეული. თუმცა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაცია საგადასახადო საიდუმლოებას არ განეკუთვნება და საჯარო ინფორმაციაა.
შესაბამისად, გაუგებარია, რატომ გაავრცელეთ საგადასახადო საიდუმლოების არგუმენტი მოთხოვნილ ინფორმაციაზე ზოგადად და რატომ არ გამიჯნეთ ერთმანეთისგან საჯარო და კანონით დაცული ინფორმაცია.
ამიტომ ამჯერად ვითხოვთ არა ზოგად განმარტებას, არამედ კონკრეტულ პასუხებს:
-
რატომ არ შეაფასეთ კომპანიის რეგისტრაციის აღდგენის შემდეგ და ჯონდო ნანეტაშვილის მიერ დამოუკიდებლად წარდგენილ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე პასუხის გაუცემლობა?
-
ათავისუფლებს თუ არა ინფორმაციის მთლიანად ან ნაწილობრივ საგადასახადო საიდუმლოებად მიჩნევა სახელმწიფო ორგანოს კანონით დადგენილი წესით პასუხის გაცემის ვალდებულებისგან?
-
ჩვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის კონკრეტულად რომელი ნაწილი არის საგადასახადო საიდუმლოება და რომელი - საჯარო ინფორმაცია?
🔴 ცალკე უნდა შეგახსენოთ 2026 წლის 29 იანვარს თქვენთვის წარდგენილი განცხადება, რომელიც დამოუკიდებელ წარმოებას წარმოადგენს და ეხება "თრიალეთის" მიმართ შესაძლო განსხვავებულ მოპყრობასა და კანონის წინაშე თანასწორობის დარღვევას.
29 იანვრიდან შვიდ თვეზე მეტი გავიდა და ამ უმნიშვნელოვანეს საკითხზე სახალხო დამცველის საბოლოო სამართლებრივი შეფასება დღემდე არ მიგვიღია.
შვიდ თვეზე მეტი დრო საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ სახალხო დამცველმა გასცეს პასუხი ერთ მთავარ კითხვას - ირღვევა თუ არა "თრიალეთის" მიმართ კანონის წინაშე თანასწორი და თანაბარი მოპყრობის პრინციპი.
ბატონო ლევან,
ჩვენ სახალხო დამცველს არაერთხელ მივმართეთ იმ მოლოდინით, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტი შეისწავლიდა ჩვენს მიერ წარმოდგენილ ფაქტებს და მოგვცემდა დამოუკიდებელ, კონკრეტულ და დასაბუთებულ სამართლებრივ შეფასებას.
ამის ნაცვლად, დღემდე ვიღებთ პასუხებს, რომლებშიც ჩვენი ძირითადი კითხვები ან პასუხგაუცემელი რჩება, ან სახელმწიფო უწყებების პოზიციების განმეორებითა და მათი მოქმედებების გამართლებით სრულდება.
⁉️ ეს უკვე გვიჩენს საფუძვლიან კითხვას - ვის ინტერესებს იცავს სახალხო დამცველი მაშინ, როდესაც მედიასაშუალება თვეების განმავლობაში ითხოვს სახელმწიფოს მხრიდან შერჩევითი მოპყრობის, საჯარო ინფორმაციის სისტემატური გაუცემლობისა და თანასწორობის შესაძლო დარღვევის შეფასებას, მაგრამ კონკრეტულ სამართლებრივ პასუხს ვერ იღებს?
სახალხო დამცველის დანიშნულება სახელმწიფო უწყებების მოქმედებების გამართლება არ არის. მისი დანიშნულებაა ადამიანის უფლებების დაცვა და სახელმწიფო ორგანოების მოქმედებებზე დამოუკიდებელი კონტროლი.
თუ "თრიალეთის" მიერ წარმოდგენილი ფაქტები უფლებების დარღვევას არ წარმოადგენს - გვითხარით ეს პირდაპირ და დაასაბუთეთ სამართლებრივად.
თუ დარღვევა არსებობს - ასევე თქვით პირდაპირ და მოახდინეთ კანონით გათვალისწინებული რეაგირება.
მაგრამ ჩვენთვის მიუღებელია მესამე გზა - თვეების განმავლობაში პასუხის გაჭიანურება, არსებითი კითხვების უპასუხოდ დატოვება და წარმოებების დასრულება კონკრეტული სამართლებრივი შეფასების გარეშე.
ამიტომ გთხოვთ, განაახლოთ №96 განცხადებაზე წარმოება და მოგვცეთ კონკრეტული პასუხი ზემოაღნიშნულ საკითხებზე.
ასევე გთხოვთ, დროულად დაასრულოთ 29 იანვარს წარდგენილი განცხადების განხილვა და მოგვცეთ მკაფიო პასუხი მთავარ კითხვაზე - დაირღვა თუ არა "თრიალეთის" კანონის წინაშე თანასწორი მოპყრობის უფლება.
"თრიალეთს" სახალხო დამცველისგან სჭირდება არა ფორმალური წერილები, არამედ იმ უფლებების რეალური დაცვა, რომლისთვისაც საქართველოს კონსტიტუციით სახალხო დამცველის ინსტიტუტი არსებობს.
შპს ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი".