ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, რომელიც ზაფხულის ცხელ დღეებში მოსახლეობამ, განსაკუთრებით კი რისკის ჯგუფებმა და ბავშვებმა უნდა დაიცვან

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, რომელიც ზაფხულის ცხელ დღეებში მოსახლეობამ, განსაკუთრებით კი რისკის ჯგუფებმა და ბავშვებმა უნდა დაიცვან

11 საათის წინ
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 578

ჯანდაცვის სამინისტრო, რისკის ჯგუფები სთვის რეკომენდაციებს ავრცელებს, რომელიც ზაფხულის ცხელ დღეებში უნდა დაიცვან.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მაღალი ტემპერატურა გავლენას ახდენს ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობაზე, თუმცა, მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემებისადმი ყველაზე მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან: ახალშობილები და ბავშვები, ორსულები, ხანდაზმულები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ადამიანები, ვისაც შენობის გარეთ უხდება მუშაობა.

„თუ გაქვთ ქრონიკული დაავადება, ან ერთდროულად რამდენიმე მედიკამენტს იღებთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, მედიკამენტების დოზისა და მიღების ჯერადობის შესახებ. მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინის შემცველი სასმელებისა. საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფებით. მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს.

თუ მედიკამენტს იღებთ, შეინახეთ იგი 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ან - მაცივარში (შენახვის წესები წაიკითხეთ ინსტრუქციაში).

გაითვალისწინეთ, რომ ძლიერი ოფლიანობის დროს, ორგანიზმიდან შეიძლება გამოიდევნოს მარილი და მინერალები. ჰკითხეთ ექიმს, როგორ აღადგინოთ მათი ბალანსი უსაფრთხოდ. შეეცადეთ, საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. დღისით, ოთახის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32°C-ს, ღამით კი 24°C-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკის ჯგუფებისთვის, მათ შორის - ბავშვებისა და 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისათვის; აგრეთვე, ქრონიკული დაავადებების მქონე პირთათვის.

შეეცადეთ, საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. დღისით, დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს. ღამით გააღეთ ფანჯრები და ღია დატოვეთ დილამდე, (თუ ეს სახიფათო არ არის), აგრილებამდე.

თუ იგრძენით თავბრუსხვევა, სისუსტე, შფოთვა, ძლიერი წყურვილი, ან - თავის ტკივილი, მოთავსდით გრილ ადგილას და სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს“,- აღნიშნულია რეკომენდაციებში.

ამასთან, გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ზაფხულის სეზონზე, ძლიერმა სიცხემ, ბავშვებში შესაძლოა, გამოიწვიოს სხვადასხვა ფორმის დაავადებები, კერძოდ, დეჰიდრატაცია, ორგანიზმის გამოფიტვა, კრუნჩხვითი მოვლენები და სისხლის მიმოქცევის მოშლა.

„დაუკავშირდით ექიმს თუ ბავშვს აქვს: სისუსტე, ძლიერი დაღლილობა, თავის ტკივილი, ცხელება, გულის რევა, ღებინება, დაბუჟება, ქცევის ცვლილებები (ძილიანობა, ცუდ გუნებაზე ყოფნა), ჩვეულებრივზე სწრაფი და ღრმა სუნთქვა. თუ შეამჩნიეთ, რომელიმე ეს სიმპტომი ძლიერი სიცხის დროს, გადაიყვანეთ ბავშვი გრილ ადგილას და მიეცით მას დიდი რაოდენობით სითხე. ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან ის ბავშვები, რომლებსაც აქვთ სუნთქვის გაძნელება (ასთმა), გულ-სისხლძარღვთა და თირკმელების დაავადებები, დიარეა, შეზღუდული გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობები. დაბანეთ ბავშვი გრილ წყალში მანამ, სანამ არ იგრძნობს თავს ხალისიანად.

წლის ცხელ პერიოდში განსაკუთრებით მოერიდეთ დამდგარ წყალსატევებსა და ტბებში შესვლას და ბანაობას, რათა თავიდან აიცილოთ რიგი დაავადებები (ტულარებია და სხვა). თუ იყენებთ ვენტილატორს, დადგით იგი ბავშვისგან უსაფრთხო მანძილზე და აკონტროლეთ ჰაერის ნაკადის მიმართულება. თუ ხართ ისეთ ადგილზე, სადაც შეინიშნება კოღოების აქტიურობა, დაიცავით კანის თავისუფალი ზედაპირი მწერების საწინააღმდეგო საშუალებებით და მიჰყევით ამ საშუალების მწარმოებლის ინსტრუქციას.

განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ ტკიპის ნაკბენის მიმართ: ასეთ შემთხვევაში დროულად მიმართეთ ექიმს და შეასრულეთ შესაბამისი რეკომენდაციები. ტკიპის ნაკბენის თავიდან ასაცილებლად ტყეში და მინდორში ყოფნისას აუცილებლად ატარეთ დახურული ტანსაცმელი, იქ ყოფნისას ხშირად და სახლში დაბრუნებისას დაათვალიერეთ სხეული. თერმულად კარგად დაამუშავეთ ცხოველური საკვები პროდუქტები, რათა თავიდან აიცილოთ საკვებისმიერი ინფექციური დაავადებების გადაცემა (სალმონელოზი და სხვ.). არ დატოვოთ საკვები ღია სივრცეში შეფუთვის გარეშე, რათა არ მოხდეს მისი დაბინძურება მწერების (ბუზების და სხვა) მიერ.

არ დატოვოთ მალფუჭებადი საკვები (ტორტი, ნამცხვრები და სხვა რძის პროდუქტებზე დამზადებული, გატარებული ხორცის შემცველი პროდუქტები და სხვა) ღია და ცხელ გარემოში, 1 საათზე მეტი ხნით. დაიცავით საკვების შენახვის წესები (განსაკუთრებით მალფუჭებადი პროდუქტებისთვის), პროდუქტი შეინახეთ მაცივარში.

ხელის ჰიგიენის სწორად დაცვა თავიდან აგვაცილებს ნაწლავურ და სხვა ინფექციურ დაავადებებს, რომლებიც, წლის ცხელ პერიოდში, უფრო ხშირია. არასდროს დატოვოთ ბავშვი გაჩერებულ (პარკირებულ) ტრანსპორტში, ან მზის სხივების ქვეშ. გრილი ტემპერატურის დროსაც კი მანქანაში შეიძლება ტემპერატურამ სწრაფად მოიმატოს. ღია ფანჯრის შემთხვევაშიც კი, 10 წუთში ტემპერატურამ შეიძლება მოიმატოს 6 გრადუსით.

თუ მზის სხივების არიდება შეუძლებელია, გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი, რომელიც შეიცავს ულტრაიისფერი სხივების ფილტრს და მიჰყევით კრემის მწარმოებლის ინსტრუქციებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

რაც შეეხება ზოგად რეკომენდაციებს, ნათქვამია, რომ ოთახები უნდა განიავდეს ხანგრძლივი დროით, როდესაც გარე ტემპერატურა დაბალია, ამასთან, სასურველია მძიმე ფიზიკურ აქტივობას მოერიდოთ.

„გამორთეთ ხელოვნური განათება და შეზღუდვით გამოიყენეთ ელექტროენერგია. მოერიდეთ გარეთ გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში. მოერიდეთ მძიმე ფიზიკურ აქტივობას.

არ დატოვოთ ბავშვები, ან შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში. მიიღეთ გრილი შხაპი ან აბაზანა, ქუჩაში გასვლისას, ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, რეგულარულად, მოერიდეთ ალკოჰოლს, ზედმეტ კოფეინს და შაქარს. საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფებით, მოერიდეთ ცილოვან საკვებს. თუ იღებთ მედიკამენტს, ჰკითხეთ მკურნალ ექიმს, რა გავლენა შეიძლება იქონიოს თერმორეგულაციასა და სითხის ბალანსზე. მზით დამწვრობის თავიდან ასარიდებლად, მოერიდეთ მზის პირდაპირ სხივებსა და გარუჯვას”,-აღნიშნულია რეკომენდაციებში.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე