ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე ბრალდებულის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის ადვოკატის, ლალი აფციაურის განცხადებით, კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის პიჯაკიდან ამოღებული წერილი მისი დაწერილია.
როგორც აფციაურმა აღნიშნა, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა მას რამდენიმე დღის წინ გადაეცა.
აფციაური სასამართლო პროცესზე საქმის შეწყვეტის შუამდგომლობას დააყენებს.
„ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ წერილი ბატონი რიჟვაძის მიერ არის დაწერილი, რაც მნიშვნელოვანია. მასალებთან ერთად, როცა მტკიცებულებები გამიცვალეს, რამდენიმე დღის წინ, ექსპერტიზის დასკვნაც გადმომეცა.
თქვენ „ფანჩატურს“ კი ამბობთ, მაგრამ ეს ფანჩატური დახურულია, იკეტება კარი, ღია სივრცე არაა. მან სულ რამდენიმე წამით დატოვა იქ თავისი ხელჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო ცეცლსასროლი იარაღი - შევიდა აბაზანაში ხელის დასაბანად, იქ ჩანთას არ წაიღებდა, დამეთანხმებით. ეს თუ დაუდევრად შენახვად ჩაითვლება, ამაზე არსებით განხილვაზე ვიმსჯელებთ.
საქმის შეწყვეტას მოვითხოვთ.
ბატონი რიჟვაძე ამ ეტაპამდე გამოკითხული არ არის. საქმეში დევს დოკუმენტები, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მისი გამოკითხვა ვერ მოხერხდა“, - განაცხადა აფციაურმა.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ალექსი ახვლედიანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარუდგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება
სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ალექსი ახვლედიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.
შეგახსენებთ იმასაც, რომ გამოძიების ვერსიით, 7 ივლისს, თორნიკე რიჟვაძემ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი დირექტორის, ალექსი ახვლედიანის სახლში, რომელიც საგარეჯოში მდებარეობს თვითმკვლელობა სცადა. მას გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. ოჯახის მოთხოვნით, რიჟვაძე მკურნალობისთვის თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.ამასთან, „იმედმა“ გაავრცელა წერილი რომელიც, მათივე ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ, სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა. რიჟვაძე გავრცელებულ წერილში წერს, რომ აბრალებენ „კორუფციას და ბარიგების მფარველობას“.„ალეკო არაფერ შუაშია, ჩუმად ავიღე. ეს კაცი ძმობის მაგალითია. მიზეზი ერთია, მაბრალებენ იმას ( კორუფციას და ბარიგების მფარველობას ) რასაც მთელი ცხოვრება ვებრძოდით მეც და მამაჩემიც. დავიღალე - დიდი გამარჯვებაც ვნახე და წარუმატებლობაც. პატიებას ვთხოვ ოჯახს, პატრიარქს. მამა შენ ნომერი პირველი კაცი იქნები ჩემთვის ღირსებაში.დათა კაცური კაცი გაიზარდე, მიხედე ელის. დედა მიყვარხარ. მაპატიეთ ძმებო, ვერ გიტოვებთ მილიონებს, მაგრამ მიყვარხართ. ბატონ ბიძინას და პრემიერის იმედი მაქვს, რომ დაიცავთ ჩემს ოჯახს.ჩემი მეგობრები, თანამშრომლები, ოჯახის წევრები - ყველა ჩემი დავალებით და მითითებით მოქმედებდა. ყველა უდანაშაულოა. ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს. გთხოვთ არ გამკვეთოთ და არც არავინ დაადანაშაულოთ. ჩემი დაწერილია. ღმერთი ფარავდეს ჩემს საყვარელ აჭარას და საქართველოს“, - აღნიშნულია წერილში, რომელიც „იმედმა“ გაავრცელა.