ლევან დავითაშვილი - ევროინტეგრაციის შეჩერებაზე სპეკულაციები გვესმის - არ შეჩერებულა, ჩვენ ჩვენი ძირითადი პოლიტიკური პრიორიტეტებისთვის არ გადაგვიხედავს

ლევან დავითაშვილი - ევროინტეგრაციის შეჩერებაზე სპეკულაციები გვესმის - არ შეჩერებულა, ჩვენ ჩვენი ძირითადი პოლიტიკური პრიორიტეტებისთვის არ გადაგვიხედავს

4 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა

ევროინტეგრაციის შეჩერებაზე სპეკულაციები გვესმის - არ შეჩერებულა ის, რაც საქართველოს მოსახლეობისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია! ჩვენ ჩვენი ძირითადი პოლიტიკური პრიორიტეტებისთვის არ გადაგვიხედავს და ვერც ერთ დოკუმენტს ვერ დამისახელებთ, სადაც სახელმწიფომ პოლიტიკა შეცვალა! - ასე უპასუხა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას თუ ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო უვიზო მიმოსვლას შეაჩერებს და DCFTA-ის გადახედავს.

როგორც დავითაშვილმა განაცხადა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებები სრულიად პასუხისმგებლიანი და მოსახლეობის ინტერესებთან თანხვედრაშია.

„ჩვენ ჩვენი გადაწყვეტილებებით, პირველ რიგში, ჩვენი მოსახლეობის წინაშე ვაგებთ პასუხს! პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობის ინტერესებშია ყველა ის გადაწყვეტილება, რომელსაც ვიღებთ და შედეგების მიხედვით ვფიქრობთ, რომ საკმაოდ ეფექტიანები ვართ. მომავალშიც ეს ასე იქნება.

დიდი ხანია, ევროინტეგრაციის შეჩერებაზე სპეკულაციები გვესმის. ეს ძალიან პირობითია - არ შეჩერებულა ის, რაც საქართველოს მოსახლეობისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია! საქართველოს მოსახლეობა ყველა იმ შედეგს იღებს, რასაც დღეის მდგომარეობით ევროინტეგრაციის პროცესიდან უნდა იღებდეს და ეს ასეც გაგრძელდება!

ჩვენ ჩვენი ძირითადი პოლიტიკური პრიორიტეტებისთვის არ გადაგვიხედავს! ვერ დამისახელებთ ვერც ერთ დოკუმენტს, სადაც სახელმწიფომ პოლიტიკა შეცვალა. სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული ყველა პოლიტიკური პრიორიტეტი ყველა დარგში, საზოგადოებრივი საქმიანობის ყველა მიმართულებით ევროპასთან დაახლოების პროგრამასთან თანხვედრაშია. თუ ობიექტურად ვისაუბრებთ, საქართველოს ერთადერთი პოლიტიკა აქვს, რომელიც ევროინტეგრაციას გულისხმობს და მასთან თანხვედრაშია ხელისუფლების მიერ დამტკიცებული ყველა პოლიტიკური დოკუმენტი. ყველაფერი დანარჩენი სპეკულაციაა!

რაც შეეხება ევროკავშირთან ურთიერთობებს, ევროპაში პოლიტიკური ლანდშაფტი არის არაერთგვაროვანი - არის ევროპაში ქვეყნები, რომლის პოზიციები თანხვედრაშია “ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოზიციებთან და ასევე, ქართველი ხალხის პოზიციასთან, რადგან მოსახლეობის უმრავლესობა ხელისუფლებას უჭერს მხარს, რაც გამოჩნდა არჩევნებში და მომავალ არჩევნებშიც გამოჩნდება. ყველაფერი დანარჩენი სუბიექტურია. ჩვენ ზოგიერთი ქვეყნის პოლიტიკოსის გემოვნების მიხედვით ვერ ვიმსჯელებთ!“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

პოსტი ნახა: 127


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე