ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი განმარტავს, რომ სახელმწიფო საწარმოებში თანხების ოპტიმიზაცია, მათ შორის შტატების შემცირების ხარჯზე მოხდა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
“დიახ, თანხების შემცირება არის შტატების შემცირების ხარჯზე და გარკვეული ეკონომიები, რომელიც გამოყენებული იქნება სხვა მიზნებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თუმცა ჩვენი გრძელვადიანი ამოცანაა სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმა, რომელიც დავიწყეთ ბოლო წლებში. სახელმწიფოს სახელმწიფო საწარმოების მართვის სტრატეგია გააჩნია. ეს სტრატეგია შემუშავდა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. სტრატეგიის განხორციელების პროცესში გვაქვს ჩვენი მიგნებები, რომელიც გარკვეულ კორექტივებს ითვალისწინებს ამ სტრატეგიაში, რაც უკვე შეიძლება აისახოს სრულფასოვან კანონმდებლობაში. შემდეგი ნაბიჯი, როგორც პრემიერ-მინისტრმაც აღნიშნა, არის კანონმდებლობის დონეზე იმ პრინციპების ასახვა, რომელიც რეალურ ცხოვრებაში გამოვცადეთ. ეს გულისხმობს სახელმწიფო საწამოების მართვის ეფექტიანობის გაზრდას, მეტ გამჭვირვალობას, მეტ პროფესიონალიზმს. საბოლოოდ, მეტ ეფექტიანობას და რა თქმა უნდა, ეფექტიანობის ინდიკატორების შემოტანას: მკაფიო ანგარიშვალდებულებას ხელმძღვანელობის მხრიდან და პროფესიონალი მენეჯმენტის ყოლას სახელმწიფო საწარმოებში, რაც თავისთავად სახელმწიფო საწარმოებს კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის. ეს ყველაფერი ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. იცით, რომ აქ არის საუბარია რიგით შპს-ებზე, რომელშიც სახელმწიფოს მონაწილეობაა, აქ არის საუბარი მსხვილ კორპორაციებზე, რომელიც ამა თუ იმ დარგში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ეს რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია და ამ რეფორმის განხორციელებას ქვეყანა გააგრძელებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.