ლიეტუვა მზია ამაღლობელისთვის გამოტანილ პოლიტიკურად მოტივირებულ განაჩენს მკაცრად გმობს, - ასე ეხმაურება ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას.
„ჟურნალისტობა დანაშაული არ არის. მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასა და პასუხისმგებლობის დაკისრებას იმ პირებზე, რომლებიც საქართველოში სიტყვის თავისუფლებაზე ამ მიუღებელი თავდასხმის უკან დგანან“, - წერს ლიეტუვის საგარეო უწყება X-ზე.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოსამართლემ „სისხლის სამართლის კოდექსის“ 353/1-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალი 353-ე მუხლის პირველი ნაწილით შეცვალა. აღნიშნული ითვალისწინებს პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით. აღნიშნული ქმედებისთვის კი სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, შინაპატიმრობა 2 წლამდე ვადით და ასევე თავისუფლების აღკვეთა 2-დან 6 წლამდე ვადით.
მზია ამაღლობელს თავდაპირველად ბრალი „სისხლი სამართლის კოდექსის“ 353/1-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ითვალისწინებდა პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას. აღნიშნული ქმედებისთვის განსაზღვრული იყო პატიმრობა 4-იდან 7-წლამდე ვადით.