პროევროპულ აქციებზე ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაკავებული რვა პირი მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა პატიმრობაში დატოვა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხის არგუმენტით. მან გადაწყვეტილება დღეს, 2 მაისს გამოაცხადა, როცა აღკვეთის ღონისძიების გადახედვის საკითხი განიხილებოდა.
პატიმრობაში რჩებიან:
- ირაკლი მიმინოშვილი;
- ვეფხია კასრაძე;
- ვალერი კაძელაშვილი;
- ინსაფ ალიევი;
- თორნიკე გოშაძე;
- ნიკოლოზ ჯავახიშვილი;
- გიორგი გორგაძე;
- ზვიად ცეცხლაძე.
ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების შეცვლასა და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდნენ, რადგან მიაჩნიათ, რომ პატიმრობა დაუსაბუთებელია.
ვასილ კაძელაშვილის ადვოკატმა, რევაზ აჭარაძემ მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოთი გათავისუფლება მოითხოვა და მოსამართლეს ალტერნატიული ღონისძიებები შესთავაზა, მაგალითად, სამაჯური, კომენდანტის საათი, პოლიციაში გამოცხადება და ა.შ.
გიორგი გორგაძისა და ირაკლი მიმინოშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ თქვა, რომ მოსამართლეები მცდარად იბოჭავენ თავს შეცვალონ სხვა მოსამართლეების გადაწყვეტილებები არგუმენტით, რომ საქმეში „ახალი გარემოება არ არის“.
ვეფხია კასრაძის ადვოკატმა, კახა კოჟორიძემ თქვა, რომ აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა საფუძველს მოკლებულია, რადგან ბრალდებაა დაუსაბუთებელი.
„ამ პროცესზე რომ შემოვედი იქიდან მოყოლებული დღემდე ვსვამ კითხვას - ვეფხია კასრაძე ხომ იყო ორგანიზატორი და ამ ჯგუფის მონაწილეები ვინ არიან? ბრალდებაში არსად წერია, რომ ეს ადამიანები, ვინც აქ არიან, ამ ჯგუფის წევრები არიან.
ამ ჯგუფს წევრები არ ჰყავს - მარტო ეს არგუმენტია საკმარისი იმისთვის, რომ მოსამართლემ დასვამს კითხვა - უკაცრავად, ბრალის შემადგენლობა არ არსებობს.
ბრალდებაში მითითებაც არაა რომ ვეფხია კასრაძის დაორგანიზებულმა ქმედებამ რაიმე ნივთი დააზიანა. მართალია რაღაცები დაზიანდა, მაგრამ ეს დაზიანება ვეფხია კასრაძის მიერ დაორგანიზებული ჯგუფის მოქმედების შედეგია, ამას ვერავინ ამბობს და ვერც მტკიცებულებებით ასაბუთებს", - თქვა კოჟორიძემ.
კახა კოჟორიძეც და შოთა თუთბერიძეც მოსამართლემ რამდენჯერმე შეაჩერა და სასამართლოს უპატივცემულობის გამო შენიშვნა მისცა. მოსამართლის ეს რეაქცია შოთა თუთბერიძის შემთხვევაში მოჰყვა წინადადებას: თუ პატიმრობაში დატოვეთ, ჩახედეთ მათ თვალებში და ასე გამოუცხადეთ გადაწყვეტილება, რომ ისინი დამნაშავეები არიან.
უკლებლივ ყველა ადვოკატმა პატიმრობის გაუქმება მოითხოვა, პროკურორებმა კი თქვეს, რომ მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე ისევ რჩება, ამიტომ დაკავებული დემონსტრანტები პატიმრობაში უნდა დარჩნენ.
წყარო: https://www.radiotavisupleba.ge/a/33402914.html