დღეს, 1-ელ აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასრულდა მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომა, თუმცა უშუალოდ მზია ამაღლობელს დასკვნითი სიტყვის თქმის საშუალება 4 აგვისტოს, 13 საათზე ექნება.
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გადაწყვეტილება მზია ამაღლობელის თხოვნის შემდეგ მიიღო.
მზია ამაღლობელის თქმით, საბოლოო სიტყვის სათქმელად ძალების აღდგენა სჭირდება.
„სასამართლოს ვთხოვ, მომცეს საბოლოო სიტყვის უფლება, მაგრამ ამისთვის ცალკე პროცესი ჩანიშნოს. მომზადებისთვის არა, იმისთვის, რომ ძალები ფიზიკურად აღვიდგინო და იმისთვის, რომ რისი თქმაც მინდა, აქ ხმამაღლა ვთქვა.
მინდა სასამართლომ მომცეს ამის უფლება.
მით უმეტეს, წინა სხდომაზე ბატონმა პროკურორმა მკითხა, კითხვები თუ გაქვთ, მზად ვარ მოვისმინოო. ამ საქმეზე დღესაც მაქვს კითხვები და სულ მექნება.
დღეს მოსამართლეს მარტო ერთ კითხვას დავუსვამ. თუ არ ვცდები, ბატონო პროკურორო, ვლადიმერ ჩიტაიას, დეტექტივს, რა ბედი ეწია, რა განვითარება ჰპოვა ჩიტაიას პატაკმა? მართალია, სასამართლო მოწმეების ჩამონათვალიდან ამოიღეთ ჩიტაია, მაგრამ ჩემი ტელეფონი ხომ გამოძიებას აქვს, მაინტერესებს, რა დადგინდა.
მართლა მაინტერესებს, რა დადგინდა… რა ვიცი, იპოვეს თუ არა „დიფ სთეითი“, გაიგეთ თუ არა სადაა, რომელ კონტინენტზე „გლობალური ომის პარტია“, რომელზეც კობახიძე საუბრობს და მართლა სირცხვილია, ისეთი შეურაცხმყოფელია ეს ყველაფერი… ეს ხაზი განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია არამარტო ჩემთვის, თქვენთვისაც და ზოგადად ქვეყნისთვის“, - განაცხადა მზია ამაღლობელმა.
დღევანდელი სასამართლო პროცესი დაახლოებით 10 საათი გაგრძელდა. დასკვნითი სიტყვა ადვოკატებმა წარმოთქვეს. სასამართლომ ასევე მოისმინა ადვოკატებისა და პროკურორების რეპლიკები.