„ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად და მისი დაკავებიდან ერთი წლის გასვლასთან დაკავშირებით, რუსთავის ქალთა #5 პენიტენციურ დაწესებულებასთან მისმა კოლეგებმა და მეგობრებმა სოლიდარობის აქცია გამართეს.
მათ ადგილზე მიტანილი ჰქონდათ ბანერები: „თავისუფლება მზიას!“, „იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის“.
აქციის მონაწილეებმა სანთლებით, ასფალტის საფარზე გამოსახეს წარწერა ,,თავისუფლება მზიას". ამ ფორმით მათ სოლიდარობა გამოუცხადეს მზია ამაღლობელს და მისი პატიმრობიდან გათავისუფლება მოითხოვეს.
ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის განცხადებით, მზია ამაღლობელის პატიმრობა მოწმობს იმას, რომ ეს არის არა სამართალი, არამედ ხელისუფლების შურისძიება.
,,ჩვენი მთავარი სათქმელი არის მზიას გამხნევება და სოლიდარობა. კიდევ ერთხელ გავაპროტესტეთ მისი უკანონო პატიმრობა. მზიას საქმე და მისი პატიმრობა არის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო ლაქა ამ ხელისუფლების ისტორიაში და ასე დარჩება. როდესაც ამ ხელისუფლებას გაიხსენებენ, ბევრი სამარცხვინო საქმე აქვს, მაგრამ ყველაზე სამარცხვინო საქმედ გაიხსენებენ სწორედ მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობას. მზია ამაღლობელის პატიმრობა მოწმობს იმას, რომ ეს არის არა სამართალი, არამედ შურისძიება თავისუფლების მოყვარე ადამიანებზე, შურისძიება იმ ხალხზე, ვინც ან ქვეყანაში დიქტატურის დამყარებას არ ეგუება. ეს არის სიგნალი ადამიანებისთვის, რომ თუ თქვენ არ დაემორჩილებით რეჟიმს და პროტესტს გამოხატავთ, ყველა შეიძლება ასე დაისაჯოთო იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს სამართალი, არსებობს რეჟიმის შურისძიება",-განაცხადა მერაბ მეტრეველმა.