„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს ევროპული არჩევანისთვის მებრძოლი მთავარი პოლიტიკური ძალა, კვლავ ამაყად იდგება საქართველოს გადარჩენისთვის შეკრებილი პატრიოტების რიგებში - მოგიწოდებთ 28 ნოემბერს, 19:00-ზე შევიკრიბოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და მსვლელობით გადავინაცვლოთ პარლამენტის შენობასთან,- ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაში წერია, „2024 წლის 28 ნოემბერს, „საქართველოში რუსეთის მეხუთე კოლონამ ივანიშვილის რეჟიმის სახით, საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევითა და ეროვნული ინტერესების ღალატით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საჯაროდ დასამარებულად გამოაცხადა“.
„2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოში რუსეთის მეხუთე კოლონამ ივანიშვილის რეჟიმის სახით, საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევითა და ეროვნული ინტერესების ღალატით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საჯაროდ დასამარებულად გამოაცხადა.
ამ დღეს, ერთ მუშტად შეკრული ქართველი ხალხი გაერთიანდა და ქუჩაში საქართველოს სუვერენიტეტის, თავისუფლების, ევროპული არჩევანის დასაცავად გამოვიდა.
ერთი წლის თავზე, ქართული საზოგადოება კვლავ მედგრად იცავს საქართველოს არჩევანს თავისუფალ, ღირსეულ, ევროპულ მომავალს.
ივანიშვილის რუსული რეჟიმი მასობრივი რეპრესიებით, საქართველოს ასეულობით ღირსეული მოქალაქის თუ პოლიტიკური ლიდერების დატყვევებით, სამოქალაქო საზოგადოების განადგურებით, პოლიტიკური პარტიების გაუქმებით, აკადემიური თავისუფლების ხელყოფის მცდელობით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების აკრძალვით, ცდილობს შიში და უიმედობა დათესოს საზოგადოებაში, გააღატაკოს და ქვეყნიდან გააქციოს ჩვენი ღირსეული თანამოქალაქეები.
შიშის და უიმედობის დათესვის მიზნით, ამავდროულად კი რუსეთის საამებლად, ივანიშვილის რეჟიმმა სამედიცინო პენიტენციური დაწესებულებიდან ტყვეობის მეხუთე წელს კვლავ ციხეში გადაიყვანა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
რუსული ოცნების ეს სასტიკი სპირალი, რომელიც ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის განადგურებას ისახავს მიზნად ვერ გატეხს ქართველი ხალხის ისტორიული სიმამაცეს და მისწრაფებას თავისუფალი, ევროპული სამყაროსკენ.
28 ნოემბერს ქართველი ხალხი კვლავ იტყვის თავის სათქმელს ამ ისტორიულ გზაზე, რომელიც აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება!
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, საქართველოს ევროპული არჩევანისთვის მებრძოლი მთავარი პოლიტიკური ძალა და რუსული იმპერიალიზმის მთავარი მოწინააღმდეგე საქართველოში, ყველა თანამოაზრე პოლიტიკურ პარტიასთან, სამოქალაქო ორგანიზაციებთან და საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობასთან ერთად კვლავ ამაყად იდგება საქართველოს გადარჩენისთვის შეკრებილი პატრიოტების რიგებში.
მოგიწოდებთ საქართველოს ყველა პატრიოტს: 28 ნოემბერს, 19:00-ზე შევიკრიბოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და მსვლელობით გადავინაცვლოთ პარლამენტის შენობასთან.
გავაგონოთ მთელს ცივილიზებულ სამყაროს თავისუფალი, ევროპული საქართველოს ხმა!“,- წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, 2024 წლის 28 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.
2028 წლის ბოლო არის ის დრო, როდესაც საქართველო იქნება მზად, ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ მომზადებული, რათა გახსნას მოლაპარაკებები 2030 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად?”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.