„ორიგინალურ გარემოში მომიწია ჯდომა, ჩემს ქვემოთ იჯდა ადამიანი, რომელიც სასჯელს იხდის ჩემი მკვლელობის მცდელობისთვის, ამაფეთქა. სადღაც გვერდით იჯდა ადამიანი, რომელიც ამ აფეთქების საქმის ბლოკირებას აკეთებდა სუს-იდან თავის დროზე.
შემდეგ ესენიც შემოგვიერთდნენ რომეო [მიქაუტაძე] და ჯუ....[ჯუანშერ ბურჭულაძე] შემდეგ ლილუ [გრიგოლ ლილუაშვილი] და საბოლოო ჯამში ვნახეთ, რომ ჩემს მეზობელს, მაინც გული რა არის, თებერვლამდე შეეძლო მოცდა, მაგრამ ცოტა ხნით ჩემთან სიახლოვე, რომ ეგრძნო შემომიმეზობლდა აქაც [ირაკლი ღარიბაშვილი]. დიდი ხნით ერთ სივრცეში არ გვაჩერებდნენ, მაგრამ ახლა მე გავამაგრებ ქუჩას და ის გაამაგრებს აქაურობას“,- განაცხადა გივი თარგამაძემ.
თარგამაძის თქმით, მის „მკვლელებთან ერთად“ ციხეში ჯდომა „ცინიკურია“.
„იმ კომისიაზე, პირიქით, რაშიც მთავარი მოწმე ვარ, იქ უნდა მიმოწმონ, თუ რა უნდა მექნა? არ ვიცი. ცინიკურია ყველაფერი. ჩემს მკვლელებთან ერთად აქ რომ ვზივარ, არ არის ცინიკური? ერთი მკვლელი აქ მიზის, დანარჩენები გარეთ არიან და არანაირი შეზღუდვა არ აქვთ, რომ კიდევ სცადონ. ამის გათვალისწინებით ჩემი დღის წესრიგი არც შემდგარა არასდროს და არც შედგება, მართლა გეუბნებით. 37 წელია, რაც ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში ვარ. სულ მქონდა საფრთხე, ან მომკლავდნენ ან დამიჭერდნენ. იგორ გიორგაძიდან დაწყებული, მერე ასლან აბაშიძე, შევარდნაძის ყველა ნათესავი, მინისტრები, არჩემაშვილიც კი მიჭერდა 7 წლით და მერე უკვე პატარკაციშვილი, ბერეზოვსკი, ქურდები, ლუკაშენკო, მერე პუტინი და ფოკუსი იცით რა არის? ამ ყველაფრის მიუხედავად, ვდგავარ თქვენ წინაშე სავსებით ცოცხალი და თავისუფალი. ამიტომ, ახლაც გავაგრძელებ. რა თქმა უნდა, ჩვენი ოჯახებისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის და თავისუფლებისთვის ეს ბრძოლა იქნება ბოლომდე, როგორც იყო ყოველთვის“,- განაცხადა თარგამაძემ.
ინფორმაციისთვის, პოლიტიკოსი გივი თარგამაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა. მან რუსთავის მე-12 პენიტენციური სასჯელაღსრულების დაწესებულება 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა.
გივი თარგამაძე 2025 წლის 27 ივნისს დააკავეს. ოპოზიციონერი ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში საკუთარი ფეხით მას შემდეგ მივიდა, რაც მის მიმართ თავისუფლების აღკვეთის შესახებ სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. გივი თარგამაძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამასთან 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. სხდომას არ ესწრებოდა გივი თარგამაძე, მას არც საბოლოო სიტყვის უფლებით უსარგებლია.
გივი თარგამაძე პარლამენტში, დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მიცემისთვის 3 აპრილს დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულის შემდეგ მას ბრალი წაუყენეს, სასამართლომ კი აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.
გივი თარგამაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.