ორმაგი სტანდარტი და თავისუფალი სიტყვა

ორმაგი სტანდარტი და თავისუფალი სიტყვა

პოსტი ნახა: 22

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ "თავისუფალი სიტყვის პლაცდარმების" - "იმედისა" და "პოსტივის" წინააღმდეგ, დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები, თავისუფალ მედიაზე თავდასხმაა.

ჩვენ საჯაროდ ვსვამთ კითხვას:

როდესაც თავად საქართველოს ხელისუფლება ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთს“ სრულად უკეტავს ფინანსურ რესურსს - ეს რა არის, თუ არა თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმა?

როდესაც მედიას არ უტოვებ არც ერთ თეთრს ფუნქციონირებისთვის - რომ თუნდაც შემოსავლის ნაწილით თანამშრომლების ხელფასები გასცეს;
არ აძლევ ელექტროენერგიისა და მაუწყებლობის კრიტიკული ხარჯების დაფარვის შესაძლებლობას;
არ აძლევ ვალის რესტრუქტურიზაციისა და ეტაპობრივი გადახდის შანსს -
და შეგნებულად მიგყავს დახურვის ზღვრამდე -

ეს არ არის ფინანსური ლიკვიდაცია?

როდესაც მედიას მიიყვან მდგომარეობამდე, სადაც მისი ფუნქციონირება ფიზიკურად შეუძლებელი ხდება - ეს არ არის სიტყვის თავისუფლებაზე შეტევა?

თუ გარედან დაწესებული სანქცია "თავდასხმად" ფასდება, მაშინ შიგნიდან განხორციელებულ სრულ ფინანსური ბლოკადას რა უნდა ეწოდოს?

თავისუფალი მედიის დაცვა არ შეიძლება იყოს შერჩევითი.
სიტყვის თავისუფლება არ შეიძლება იქცეს მხოლოდ ხელისუფლებისადმი ლოიალური არხების პრივილეგიად.

თავისუფალი სიტყვა არ იზომება პოლიტიკური სიმპათიით.
თუ პრინციპზე ვსაუბრობთ, ის ყველასთვის უნდა მოქმედებდეს - მათთვისაც, ვინც ხელისუფლებას ემხრობა, და მათთვისაც, ვინც მას აკრიტიკებს.

თუ ხელისუფლება მართლაც იცავს თავისუფალ სიტყვას,
მან პირველ რიგში უნდა დაიცვას ის მედია, რომელიც მას აკრიტიკებს.

სხვა შემთხვევაში, საუბარი თავისუფლებაზე მხოლოდ პოლიტიკური რიტორიკაა - და არა პრინციპი.

ჩვენ ვითხოვთ მკაფიო პასუხს:

არის თუ არა ხელისუფლების მხრიდან დამოუკიდებელი მედიის სრული ფინანსური ბლოკირება თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმა?



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე