დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დროებითი საგამოძიებო კომისიის შუალედურ ანგარიშს მოისმენენ. საკითხი პლენარული სხდომის დღის წესრიგში ასახულია.
პარლამენტმა ასევე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კომისიისთვის უფლებამოსილების ვადის ერთი თვით - 5 ივნისამდე გაგრძელების თაობაზე.
საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის თეა წულუკიანის ინფორმაციით, კომისიამ 13 თებერვლიდან 17 სხდომა გამართა, 55 პირი გამოკითხა, საიდანაც 30-მდე პირი დაზარალებული იყო.
„შემოსულია 400-მდე განცხადება, საიდანაც 300-ზე მეტი განცხადება უკვე დამუშავებულია. ირკვევა, რომ ყველაზე მეტი განცხადება თუ განცხადება-საჩივარი დიდწილად საკუთრების უფლების დარღვევას და წამება-არაადამიანურ მოპყრობაზეა. დასკვნის პროექტის წერა მიმდინარეობს და 100-ზე მეტი გვერდი უკვე შედგენილია“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
XI მოწვევის პარლამენტში საგამოძიებო კომისია „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შესწავლის მიზნით შეიქმნა. კომისიის შექმნის ინიციატორი ფრაქცია „ქართული ოცნებაა“. თავდაპირველად კომისიას 2003-2012 წლამდე მომხდარი ფაქტები უნდა შეესწავლა, თუმცა მოგვიანებით უმრავლესობამ გადაწყვეტილება შეცვალა და კომისიას მანდატი დღევანდელ დღემდე გაუფართოვა.