თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ ივერი აბაშიძემ საკუთარი გადაწყვეტილებით ფაქტობრივად დახურა ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთი".
ეს არ არის ჩვეულებრივი სასამართლო დავა. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელმაც გამოიწვია დამოუკიდებელი რეგიონული მაუწყებლის პარალიზება.
სასამართლოს წარვუდგინეთ მკაფიო მტკიცებულებები, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ დადებული ინკასო სრულად ანადგურებდა კომპანიის ფუნქციონირებას. განვუმარტეთ, რომ:
- ყოველი ჩარიცხული თანხა მყისიერად ნულდებოდა;
- ვერ გაიცემოდა თანამშრომლების ხელფასები;
- ვერ იფარებოდა ელექტროენერგიის და მაუწყებლობისთვის საჭირო კრიტიკული ხარჯები;
- ინკასოს შედეგად შექმნილი დავალიანების გამო, გამოირთო სატელიტური მაუწყებლობა;
- ინკასოს არშეჩერების შემთხვევაში ტელევიზიისა და რადიოს მაუწყებლობა აუცილებლად გაჩერდებოდა.
ეს არ იყო ვარაუდი - ეს იყო რეალური და დადასტურებული საფრთხე.
მოსამართლე ივერი აბაშიძემ იცოდა შედეგი.
მიუხედავად ამისა, მან არ დააკმაყოფილა ინკასოს შეჩერების შუამდგომლობა.
ამ გადაწყვეტილებით, მოსამართლე ივერი აბაშიძე გახდა სისტემური ზეწოლის ნაწილი, რომელიც დამოუკიდებელი მედიის ჩახშობას ემსახურება.
აშკარაა, რომ დამოუკიდებელი მედიის ჩახშობის პროცესი უფრო მაღალი პოლიტიკური დონიდან იმართება, ხოლო კონკრეტული თანამდებობის პირები, ამ პროცესის შემსრულებლები არიან.
მათ შორის:
- ივერი აბაშიძე - მოსამართლე
- ლაშა ხუციშვილი - ფინანსთა მინისტრი
- ირაკლი ბერაია - შემოსავლების სამსახურის უფროსი
მათი გადაწყვეტილებების შედეგად რეგიონული დამოუკიდებელი მაუწყებელი პრაქტიკულად განადგურებულია.
ეს არ არის მხოლოდ ერთი კომპანიის პრობლემა. ეს არის პრეცედენტი - სიგნალი ყველა დამოუკიდებელი მედიისთვის, რომ ხელისუფლების კრიტიკა შეიძლება დაისაჯოს ფინანსური ბლოკადით და სასამართლო მექანიზმების გამოყენებით.
ჩვენ ღიად ვაცხადებთ:
მოსამართლე, რომელიც საკუთარი გადაწყვეტილებით ანადგურებს დამოუკიდებელ მედიას, ვერ ჩაითვლება დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ მოსამართლედ.
მოვუწოდებთ ევროკავშირსა და საერთაშორისო პარტნიორებს, შეისწავლონ მოსამართლე ივერი აბაშიძის გადაწყვეტილებები და თუ დადგინდება პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმში მისი მონაწილეობა, განიხილონ პერსონალური სანქცირების საკითხი.
როდესაც ქვეყანაში სასამართლო ვერ იცავს სამართალს, როდესაც მოსამართლე ხდება პოლიტიკური დავალების შემსრულებელი - დემოკრატია წყვეტს არსებობას.
„თრიალეთი“ არ გაჩუმდება.
ჩვენ არ შევეგუებით პოლიტიკური რეპრესიების ლეგალიზებას სასამართლოს მეშვეობით.
„თრიალეთი“ აგრძელებს ბრძოლას - არა მხოლოდ საკუთარი არსებობისთვის, არამედ სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის.