პრემიერ-მინისტრი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს შეხვდა

1 საათის წინ
კატეგორიები: პოლიტიკა
პოსტი ნახა: 78

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანის ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ის ორი ქვეყნის პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

„დღეს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის დღეა. ჩვენ პირველად ვმასპინძლობთ არაბთა გაერთიანებული საამიროების დელეგაციას პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, რაც ჩვენთვის არის უდიდესი პატივი და კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ საქართველოში ჩამობრძანებისთვის. თქვენი საქართველოში ვიზიტი არის ჩვენთვის იმის გამოხატულება, რომ თქვენ გაქვთ ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ და ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. ჩვენ გვაქვს ურთიერთობებში ძალიან კარგი დინამიკა, ძალიან მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა. ჩვენ ვართ მაქსიმალურად დაინტერესებული, რომ ყველა მიმართულებით კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს თანამშრომლობა, პარტნიორობა ჩვენს ორ ქვეყანას შორის. მოხარული ვართ, რომ კომპანიები თქვენი ქვეყნიდან ძალიან აქტიურად არიან წარმოდგენილი ჩვენს ქვეყანაში. არის 4 მსხვილი კომპანია, რომელიც საქართველოში წარმატებით ოპერირებს და მათ ყველა პირობა აქვთ შექმნილი საქართველოში ეკონომიკური აქტივობისთვის. ჩვენ ასევე მოხარული ვართ, რომ თქვენი ლიდერობით ჩვენ ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან საინვესტიციო ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ეკონომიკური აქტივობების განხორციელებას Eagle Hills-ის და EMAAR-ის მიერ. მადლობა მხარდაჭერისთვის. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა. ასევე ძალიან ვაფასებთ თანამშრომლობას, რომელიც უკავშირდება თბილისში მშრალი პორტის განვითარებას. იმედი გვაქვს, ასეთი ინიციატივები მომავალში კიდევ უფრო მეტი იქნება და კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენს ქვეყნებს შორის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თანამშრომლობა. თქვენი ვიზიტი მყარ საფუძველს ჩაუყრის ჩვენს შემდგომ პროდუქტიულ თანამშრომლობას ყველა მიმართულებით. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ საქართველოში ჩამობრძანებისათვის. ეს დღე არის განსაკუთრებული მნიშვნელობის ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სხვადასხვა სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა. შეიხმა მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა ხაზი გაუსვა სავაჭრო კავშირების მზარდ დინამიკას და ორი ქვეყნის საერთო ხედვას მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობის კუთხით.

„ძვირფასო მეგობარო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძალიან ბედნიერი ვარ საქართველოში ვიზიტით. თქვენთან კიდევ ერთხელ შეხვედრა აბუ-დაბიში შეხვედრის შემდეგ, ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელების დადასტურებაა. ვისარგებლებ შემთხვევით და მოგილოცავთ დაბადების დღეს. გისურვებთ წარმატებას, ბედნიერ ცხოვრებას, ჯანმრთელობას. საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს. მომავალში ამას დაადასტურებს ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავება და კიდევ მრავალი პროექტის განხორციელება. განსაკუთრებით, ვაჭრობის, ბიზნესის, ეკონომიკის, მრეწველობის და ენერგეტიკის სფეროში და ისეთ სექტორებში, რომელიც პრიორიტეტულია ორივე ქვეყნისთვის. მინდა აღვნიშნო სავაჭრო ურთიერთობების გაზრდა ჩვენს ქვეყნებს შორის, რომელიც მილიონობით დოლარს აღწევს. ეს თანამშრომლობა დიდ მოცულობებზე გადის და ეჭვგარეშეა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის გაგრძელდება, განსაკუთრებით სატრანსპორტო მიმართულებით. არაბთა გაერთიანებული საამიროები ხელს შეუწყობს ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროექტების განვითარებას, რომელსაც სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიები ახორციელებენ. ეს აძლიერებს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობას. ჩვენს ორ ქვეყანას აქვს საერთო ხედვა სტაბილურობის, მშვიდობის, ადამიანებს შორის ურთიერთობის მიმართულებით. ასევე ორივე ქვეყანა მონაწილეობს კულტურულ სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაში, მდიდარი მემკვიდრეობის ურთიერთგაზიარებაში, რაც წარმოადგენს საფუძველს ჩვენი ქვეყნების განვითარებისთვის. მინდა დაგიდასტუროთ, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები გააძლიერებს პარტნიორობას ზოგადად კავკასიის რეგიონის ქვეყნებს შორის და ხელს შეუწყობს სტაბილურობას, მშვიდობას და საერთო ინტერესებს. მშვიდობა არის ძირითადი ღერძი ეკონომიკის განვითარებისა და გაძლიერებისთვის. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით და ვუსურვებ საქართველოს და ქართველ ერს სტაბილურობას, განვითარებას და წარმატებას“, - აღნიშნა შეიხმა მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა.

გაფართოებული ფორმატის შეხვედრაში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრები მონაწილეობდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და Eagle Hills Group-ის დამფუძნებელმა და თავმჯდომარე მოჰამედ ალაბარმა შეთანხმებები გაცვალეს, რომელიც საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ორი მასშტაბური საინვესტიციო პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს.



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე