ქალი, რომელიც, არსებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე მიდიოდა, ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

ქალი, რომელიც, არსებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე მიდიოდა, ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

07-12-2024 16:02
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 983

დღეს, გამთენიისას ავტოავარიას ემსხვერპლა ახალგაზრდა ქალი, რომელიც საპროტესტო აქციაზე მიდიოდა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ ავრცელებს, სადაც აცხადებენ, რომ გარდაცვლილ მათი თანამშრომელი იყო.

„დიდი მწუხარებით ვიუწყებით, რომ დღეს, გამთენიისას, ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი კოლეგა. ახალგაზრდა ქალი საპროტესტო აქციაზე მიდიოდა, როდესაც ავტოავარიაში მოყვა.

ავტომობილში იმყოფებოდა ჩვენი კოლეგის დედაც, რომელიც მრავლობითი მოტეხილობებით იმყოფება ამჟამად კლინიკაში და მის გადასარჩენად ექიმები იბრძვიან.

ჩვენთვის უდიდესი ტკივილია იმის გაცნობიერება, რომ მიმდინარე მოვლენები ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასს, სიცოცხლეს ემუქრება. ვუსამძიმრებთ და გვერდში ვუდგავართ ჩვენი კოლეგის შვილებს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

ამ ეტაპზე, დამატებით დეტალებს ოჯახის თანხმობის გარეშე ვერ გავავრცელებთ“,- ნათქვამია განცხადებაში.

ტრაგიკულ შემთხვევას სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ქალის შვილიც გამოეხმაურა. როგორც თამუნა კუბლაშვილი წერს, თავდაპირველად მომხდარზე არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.

"ყველამ ვიცით ქვეყანაში რა სიტუაციაა და ყველას გვტკივა გული. თუმცა ჩემი ტკივილის გამოყენება თქვენი პიარისთვის, ტყუილი ინფორმაციის გავრცელება და მსგავსი მანიპულაციით ცეცხლზე ნავთის დასხმა ამაზრზენია! დედაჩემი აქციაზე მოდიოდა მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოეხადა და არა იმიტომ, რომ ვიღაც მცემდა! ისწავლეთ სხვისი პირადი სივრცის პატივისცემა და დატოვეთ რამე წმინდა!" - წერს გადაცვლილი ქალის შვილი თამუნა კუბლაშვილი სოციალურ ქსელში.



მსგავსი სიახლეები

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ორჯერ შეეცადა გორის სამხედრო ჰოსპიტლის პოზიციის გარკვევას გოდერძი ხეჩიკაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ ორივეჯერ დუმილი არჩია. ჟურნალისტები ჰოსპიტლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პირველად 13 ივლისს დაუკავშირდნენ, ხოლო მეორედ - 14 ივლისს, მას შემდეგ, რაც ოჯახმა ახალი განცხადება გააკეთა და დააზუსტა, რომ მკურნალი ექიმის ვინაობა თავდაპირველად ჰოსპიტლის თანამშრომლის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო შეეშალათ. მიუხედავად „თრიალეთის“ განმეორებითი მცდელობისა, გადაემოწმებინა ინფორმაცია შესაძლო გულგრილობისა და დაწყებული მოკვლევის შესახებ, სამხედრო ჰოსპიტალში კომენტარი არც ამჯერად გააკეთეს

გადაცემები

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად
ოთხშაბათი - პარასკევი, 20:00

აქტუალური თემა - ოთო მღებრიშვილთან ერთად

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე