თბილისის სააპელაციო სასამართლომ კესარია აბრამიძის გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მსჯავრდებულის, ბექა ჯაიანის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, უცვლელად ძალაში დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 18 სექტემბერს, თბილისში, დიდ დიღომში, ბრალდებულმა გენდერისა და გენდერული იდენტობის ნიშნებით შეუწყნარებლობის მოტივით განსაკუთრებული სისასტიკით, დანით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა კესარია აბრამიძეს. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
„გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ ბრალდებული გენდერისა და გენდერული იდენტობის ნიშნებით შეუწყნარებლობის მოტივით, სისტემატურად სცემდა კესარია აბრამიძეს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია.
პროკურატურამ ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) და 126 სეკუნდა მუხლით (სისტემატიური ძალადობა რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 16 აპრილის განაჩენი, რომლითაც მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, უცვლელად ძალაში დატოვა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.