სადგურის მოედნის ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის სახანძრო-სამაშველო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა განუცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავება.
„112-დან შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, ხანძარი გავრცელებული იყო „ბორჯომის ვაგზლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო ფართზე. მეხანძრე-მაშველების მიერ დროულად მოხდა რეაგირეება. დროულად გამოცხადდნენ ადგილზე ჯგუფები. ხანძრის ქრობაში ჩართულია დაახლოებით 30 სახანძრო-სამაშველო ავტომანქანა, ასევე პირადი შემადგენლობა. მეხანძრე-მაშველების დროულოი რეაგირების შედეგად, მოხდა ხანძრის ლოკალიზება და ლიკვიდირება. ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია. მიმდინარეობს კერების დამუშავება“, – განაცხადა ლევან მუსელიანმა.
მისივე თქმით, მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კლინიკებიდან პაციენტების ევაკუაცია.
„დაშავებულების შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ გვაქვს. კვადრატულობას რაც შეეხება, დაახლოებით 15 000 კვადრატზეა დამწვარი შერეული ბაზრობის ტერიტორია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დაქრობითი სამუშაოები“, – განაცხადა მუსელიანმა.