„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, სექტემბერში, „ქართულ ოცნებას“ 4.1 მილიონი ლარი შესწირეს.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „სექტემბერში პარტიას შესწირეს თანხა მათ, ვის კომპანიებსაც სახელმწიფოსგან მიღებული აქვთ: 204 მლნ ლარის პირდაპირი შესყიდვები, 16 მლნ ლარის აგრო სუბსიდიები, 1.4 მლნ კვ.მ მშენებლობის ნებართვები და 17 წიაღისეულის ლიცენზია“.
„სექტემბერში „ქართულ ოცნებას“ 4.1 მილიონი ლარი შესწირეს. დონორებთან დაკავშირებულ კომპანიებს გარდა იმისა, რომ 2015 წლიდან 2.5 მილიარდი ლარის ტენდერები მოიგეს, სახელმწიფოსგან სხვა არაერთი სახის სარგებელი აქვთ მიღებული - პირდაპირი შესყიდვები, აგრო სუბსიდიები, სამშენებლო ნებართვები და წიაღისეული ლიცენზიები.
შემოწირულებების შესახებ მეტი ინფორმაცია, ასევე შემწირველთა ბიზნესინტერესებისა და მათი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის შესახებ ცნობები მოიძიეთ ჩვენს ვებ-გვერდზე: www.politicaldonations.ge“, - ნათქვამია ინფორმაციაში.