სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ „ფეისბუკ“ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სტუდენტებს ერაყის სხვადასხვა უნივერსიტეტში სწავლა შეუძლიათ. აღნიშნულ პოსტს „ფეისბუკ“ მომხმარებლების ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. - ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის საინფორმაციო პორტალი „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.
„ინფორმაცია ეხება „Study in Iraq“ პროგრამის მესამე ეტაპის დაწყებას. სასტიპენდიო პროგრამები ერაყის სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განკუთვნილია სტუდენტებისთვის და მკვლევრებისთვის.
დამატებითი ინფორმაციისთვის და განაცხადის შესატანად, დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ, ეწვიონ ოფიციალურ ვებგვერდს“,- წერია უნივერისტეტის „ფეისბუკ“ გვერდზე.
სწორედ ამ ინფორმაციის გამოქვეყნებას მოჰყვა უკმაყოფილება.
„მართლა არ გრცხვენიათ არავის?!.... მართლაააააა?????“.
„სირცხვილით არც უნდა გამოგექვეყნებინათ ეს პროგრამა, ალბათ თქვენი შვილების გაშვებას აპირებთ?“
„ანუ ერაყში რატო უნდა წახვიდე სასწავლებლად ? ან ტელევიზორს არ უყურებთ ან არ იცით რა ხდება ახლო აღმოსავლეთში“.
„მართალია, რა უნდათ ჩვენს სტუდენტებს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში, ერაყში გავუშვათ. შემდგომში გამბიის ან გაბონის სახელმწიფო უნივერსიტეტებიც შემოგვთავაზეთ გთხოვთ, მადლობა“, – წერენ ფეისბუკ მომხმარებლები.
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, მაკა ბერიძე მოქალაქეების შეშფოთებას სასაცილოს უწოდებს.
„მე ძალიან მიხარია, რომ გაბრაზებული და ვითომ აღელვებული საზოგადოება გაიგებს თქვენი საშუალებით, რომ უნივერსიტეტს ერაყთან ხელშეკრულება არ გაუფორმებია. ჩემთვის ცოტა სასაცილოა ამის გამო შეშფოთება. 2025 წელს 4 ევროპულ პროექტში გავიმარჯვეთ და ჩემი პროფესურა წასული იყო საბერძნეთში, პოლონეთში გერმანიაში. ერაყში არ ვყოფილვართ და არც ვაპირებთ“,- განაცხადა რექტორმა.
მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაცია ერაყული უნივერსიტეტის თხოვნით გამოაქვეყნეს, რომელიც ფოსტაზე გამოუგზავნეს.
„თხოვნა იყო მიაწოდეთ ინფორმაცია თქვენს სტუდენტებსო. არც ხელშეკრულება, არც შეთანხმება არ ყოფილა, ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით“,- გვითხრა მან.
მაკა ბერიძე „სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტს სთხოვდა მისი კომენტარი ისე გამოექვეყნებინა, როგორც იტყოდა.
„თქვენ მაძლევთ სიტყვას, რომ ზუსტად დაწერთ რასაც გეტყვით?“, – გვითხრა მან.
ჩვენს კითხვაზე, მოეყვანა მაგალითი, როდის ყოფილა შემთხვევა, როცა რედაქციას მისი კომენტარი შეეცვალა, ვერ გვიპასუხა.
"სამხრეთის კარიბჭემ" გადაამოწმა უნივერსიტეტის ფეისბუკ გვერდი, და აღმოჩნდა, რომ მსგავსი ინფორმაციას სჯსუ–ს 2023 და2024 წლებშიც აქვს გამოქვეყნებული.
მაკა ბერიძის განმარტებით, გარდა ერაყისა, უნივერსიტეტის ფეისბუკ გვერდზე, ინფორმაციას ავრცელებენ ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების შესახებაც.
„27 მაისს ჩვენს ვებგვერდზე „ერასმუსის“ გაცვლითი პროგრამის შესახებ გვაქვს ინფორმაცია გამოქვეყნებული. 29 მაისს გამოვაქვეყნეთ ავსტრიის „გრაცის“ უნივერსიტეტთან დაკავშირებით, 30 მაისს თურქეთის, ასევე გავაცილეთ ამერიკელი მოხალისე. ჩვეენი უნივერსიტეტი ოთხ საერთაშორისო პროგრამას ახორციელებს, ამ პროგრამაში ჩართულები არიან: პოლონეთი, უკრაინა, გერმანია, ჰოლანდია. უნივერსიტეტს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული 72 უნივერსიტეტთან, აქედან 59 ევროპის ქვეყნაა“,- ამბობს მაკა ბერიძე.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ბოლო პერიოდში მიღებული კანონები საერთაშორისო პარტნიორებმა, იურისტებმა, ექსპერტებმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა „რეპრესიულად“ შეაფასეს. ევროპარლამენტარების განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილებებით საქართველო შორდება ევროინტეგრაციის გზას.
პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი ამბობს, რომ საქართველომ შეცვალა ევროპული კურსი ყველა სფეროში, მათ შორის განათლებაში.
„ეს კონკრეტული შემთხვევაა. ეს არის ვიღაცის კერძო, შესაძლო მერკანტიული ინტერესის შედეგი, რომ ვიღაცამ სთხოვა და რაღაცა გააკეთა, მაგრამ ქვეყანაში პრობლემა სერიოზულად დგას. გამომდინარე იქიდან, რომ სრულიად ცხადია, ჩვენ ვცვლით ნელ-ნელა ვექტორს, ჩვენ ვხედავთ რა მიმართულებით აქვს დიპლომატიური სივრცე ხელისუფლებას, რა მიმართულებით ეკეტება და ბუნებრივია, რომ საკმაოდ სწრაფი ტემპით ვშორდებით ცივილიზებულ დასავლურ სამყაროს და უფრო აღმოსავლეთის ავტორიტარული და ე.წ რუხი ზონისკენ გვაქვს აღებული ორიენტაცია. ყველა სფეროში არამხოლოდ განათლებაში, არამდე ეკონომიკური ინტეგრაციის კუთხით, მიგრაციული კუთხით, თუნდაც ტურისტული და.ა.შ ეს სამწუხარო რეალობაა დღეს საქართველოში“,- ამბობს გია ხუხაშვილი.
ამ ფონზე, ჩვენ მაკა ბერიძეს ვკითხეთ, ანტიევროპული გადაწყვეტილებები სამომავლოდ მოახდენდნენ თუ არა უარყოფით გავლენას უნივერსიტეტის ევროპულ მომავალზე. ასევე ვკითხეთ, ერაყის მსგავსად, თუ მათ ფოსტაზე რუსეთის რომელიმე უნივერსიტეტიდან მიიღებდნენ შეთავაზებას, გამოაქვეყნებდნენ თუ არა ინფორმაციას.
„ახალციხეში ჩამოსული იყო სამი ელჩი გერმანიის, ავსტრიის და შვეიცარიის ელჩი. სამივე ესტუმრა უნივერსიტეტს, დავგეგმეთ სამომავლო თანმშრომლობის პერსპექტივები. პირიქით, ხელისუფლების წარმომადგენელი შეხვდა სამივე ელჩს, ამ შეხვედრეს ჩვენთან ერთად ესწრებოდა განათლების მინისტრის მოადგილე, ჩვენ ერთად დავუდასტურეთ ელჩებს ჩვენი თანადგომა. მე მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით უნივერსიტეტის გეზი ევროპულ უნივერსიტეტებთან ურთიერთობის კუთხით არათუ ნელდება კიდევ უფრო ვითარდება.
რაც შეეხება რუსეთს. რუსეთი არის მთელს მსოფლიოში, ჩემთვის გამორჩეული ქვეყანა. იმიტომ რომ რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩემი ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი ნაწილი. ჩემს ქვეყნას ერთადერთ ქვეყანასთან აქვს შეწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობა, ამიტომ არასოდეს, რუსეთიდან შემოსულ წერილზე საერთოდ არ გვექნება რეაგირება, ამასაც გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით“,- თქვა ბერიძემ.