თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, კობა გაბუნიას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ხუჯაძემ მიიღო.
პროკურორის განმარტებით, კობა გაბუნიას მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით, წერილობითი დოკუმენტაციითა და 7-8 პირის ჩვენებით, რომლებსაც ამ ეტაპზე ბრალდებულის სტატუსი აქვთ.
პროკურორის თქმით, კობა გაბუნიამ თანამდებობაზე ყოფნის დროს პრიორიტეტი მიანიჭა შპს „ლაგი კაპიტალს“ და ავანსი გასცა, მაშინ როდესაც ერთი წლით ადრე, 2023 წელს, აღნიშნულ კომპანიას მიღებული ავანსი მიზნობრივად დახარჯული არ ჰქონდა. პროკურორის თქმით, ამ დრომდე არცერთი საბავშვო ბაღი აშენებული არ არის, შედეგად კი, სახელმწიფომ მატერიალური ზარალი მიიღო.
პროკურორის განმარტებით, მხოლოდ პატიმრობა უზრუნველყოფს იმ რისკებს, რომ გამოძიებას ხელი არ შეეშლება, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ კობა გაბუნია ამ დრომდე გამოძიებასთან არ თანამშრომლობს. დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას არ დაეთანხმა. მათ სასამართლოს 400 000-ლარიანი გირაოს შეფარდებითა და პასპორტის ჩამორთმევის შუამდგომლობით მიმართეს.
ადვოკატის თქმით, 99-ტომიანი საქმე გვიან ღამით გადაეცათ, შესაბამისად, არ ჰქონდათ მასალების სრულყოფილად გაცნობის საშუალება. მათივე თქმით, საქმის მასალებში არ იკვეთება, გაბუნიას მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება.
ადვოკატის თქმით, დასადგენია, რატომ მისცეს მამხილებელი ჩვენება დაკავებულებმა და, ხომ არ იკვეთება საკუთარი დანაშაულის შემსუბუქების ნიშნები.
უფლებადამცველის თქმით, საქმეში ამ დრომდე არცერთი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც ადასტურებს, რომ ყოფილმა მაღალჩინოსანმა სავარაუდო გარიგებით თანხა აიღო.
„შესაძლოა, შეცდომა დაუშვა, თუმცა არ არსებობს დასკვნა, რომ მან თანხა აიღო“,- აცხადებს გურამ გვენცაძე.
ადვოკატმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ კობა გაბუნია მიმალვას არ აპირებს, რაც იმითაც დასტურდება, რომ ივნისის თვეში დატოვა ქვეყანა და დაბრუნდა. ადვოკატის თქმით, კობა გაბუნია ითანამშრომლებს გამოძიებასთან, თუმცა პროკურატურის მოლოდინი, რომ შესაძლოა, მან დაასახელოს სხვა პირი ან ის, ვინც შესაძლოა, საქმესთან შემხებლობაშია, არ გამართლდება, რადგან, მისი თქმით, ასეთი პირი არ არსებობს.
ბრალდებულმა პროცესზე სიტყვის უფლებით ისარგებლა.
„ცხოვრებაში რაიმე მატერიალური უზრუნველყოფა ან სარგებელი არ მიმიღია. კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება, რაღაც საკითხი გამომრჩა. სადღაც მეტი ყურადღება უნდა გამომეჩინა. ერთი კომპანია არ იყო, უამრავია, ბევრი ტენდერია, სამუშაოები მიდმინარეობს და შეიძლება, რაღაცა გამომრჩა, რაიმე ინტერესი არც მქონია. ავანსი იყო ხელისუფლების მხრიდან ის გამოხატულება, რომ ყველა კომპანია თანაბარ პირობებში ყოფილიყო და მათ ჰქონოდათ შესაძლებლობა, კარგი საქმე გულწრფელად და კარგად ეკეთებინათ, თუმცა სამწუხაროა, რომ კომპანიამ, თაღლითურად დაეუფლა თანხას, თორემ უამრავი ავანსია გაცემული“, – განაცხადა კობა გაბუნიამ.
შემდეგი სასამართლო სხდომა 18 დეკემბერს გაიმართება.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სუს-თან ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს. მათივე ინფორმაციით, კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები ჩატარდა დაკავებულ კობა გაბუნიასთან, ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრთან, ირაკლი ქარსელაძესთან და სხვა პირებთან, სულ 20 სხვადასხვა ობიექტზე.