„საშინელება ხდება, თვალაუხელელ ლეკვებს ტომარაში ყრიან და თავიდან იშორებენ“ - ცხოველთა დამცველი ტასო ლოსაბერიძე

„საშინელება ხდება, თვალაუხელელ ლეკვებს ტომარაში ყრიან და თავიდან იშორებენ“ - ცხოველთა დამცველი ტასო ლოსაბერიძე

16-05-2025 01:03
კატეგორიები: საზოგადოება
პოსტი ნახა: 386

„რეგიონებში ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ძაღლი გააჩენს, თვალაუხელელ ლეკვებს ტომარაში ყრიან და თავიდან იშორებენ. სწორედ ამიტომ არის საჭირო, რომ უფრო მეტი ცენტრი იყოს, რათა ასეთი საშინელი შემთხვევები თავიდან ავიცილოთ“, - ამის შესახებ „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ ცხოველთა დამცველმა, ტასო ლოსაბერიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ნახევარ მლნ-ზე მეტი მიუსაფარი ძაღლია და მათი აღრიცხვა აუცილებელია, რაც უპატრონოდ მიტოვებულ ან ტრასაზე გადაგდებულ ცხოველთა რაოდენობის შემცირებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება.

„ქვეყანაში არ გვაქვს კანონი, რომელიც თუნდაც პატრონიან მიუსაფარ ცხოველს აღრიცხავს და ეს ბევრი პრობლემის განმაპირობებელია, მაგალითად იმის, რომ ქუჩაში ამდენი ძაღლია. თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო პოპულაციის მართვის ცენტრია და არა - თავშესაფარი. იქ ძაღლი არ რჩება - შედის, შესაბამის პროცედურებს: სტერილიზაციას, კასტრაციას და ბირკას უტარებენ, რის შემდეგაც კვლავ თავის ადგილსამყოფელსა თუ ტერიტორიას უბრუნდება.

ასეთი ცენტრებიც მხოლოდ თბილისში და რამდენიმე რეგიონშია, სხვაგან ეს პროცედურები საერთოდ არ და ვერ უტარდებათ. იქ ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ძაღლი გააჩენს, თვალაუხელელ ლეკვებს ტომარაში ყრიან და თავიდან იშორებენ. სწორედ ამიტომ არის საჭირო, რომ უფრო მეტი ცენტრი იყოს, რათა ასეთი საშინელი შემთხვევები თავიდან ავიცილოთ - სტერილიზაცია და კასტრაცია არის გამონაკლისი მეთოდები, რომელთა დახმარებით გამრავლების წინააღმდეგ ბრძოლა ჰუმანურადაა შესაძლებელი.

ქვეყანაში, სადაც ნახევარ მლნ-ზე მეტი მიუსაფარი ცხოველია, 5-10 ცენტრი საკმარისი ფიზიკურად ვერ იქნება. უბრალოდ, საცოდაობა ხდება - როდესაც ქალაქგარეთ გავდივართ, ტრასებზე ყველა კარგად ვხედავთ, გადაგდებულ და გამოგდებულ ძაღლებს. ეს განათლების პრობლემასაც უკავშირდება, ვიღაც სახლში მიიყვანს პატარა ლეკვს, შემდეგ კი აღმოაჩენს, რომ მას მოვლა, განვითარება, კვება და კიდევ სხვა აუცილებელი საჭიროებები აქვს, რისთვისაც მზად არ არიან. გაზრდილ ძაღლს ისევ გარეთ უშვებენ და მთელი რიგი უარყოფითი პროცესები იწყება. ასე რომ, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს - როცა ძაღლის ყოლას გადავწყვეტთ, მას სათანადო პირობები უნდა შევუქმნათ და ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა“, - ამბობს ცხოველთა დამცველი.

 

წყარო



მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე