ბრიუსელმა ძალიან კარგად იცის, რაც არის გასაკეთებელი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. ევროკავშირის ბიუჯეტიდან არ მოხდეს საქართველოში ძალადობის, პროპაგანდის, ზიზღის ენის დაფინანსება, არჩევნებში ჩარევა. ველოდებით შესაბამის ნაბიჯებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ბრიუსელში ძალიან კარგად იციან, თუ რა პრეტენზიები აქვს ქართველ ხალხს ბრიუსელის მიმართ. ამიტომ მათ ძალიან კარგად იცის, რა არის გასაკეთებელი.
,,უპირველეს ყოვლისა, საქართველო არსად იკარგება. არის იქ, სადაც ვართ და ვართ ნაწილი, თანაშემოქმედი ევროპული ცივილიზაციისა, მათ შორის, იმ ევროპისა, რომელიც, თანამედროვე გაგებით, არსებობს მისი დემოკრატიით, უფლებების დაცვით. ამ ყველაფრის თანაშემოქმედია ქართველი ხალხი ჯერ კიდევ პირველი რესპუბლიკიდან დაწყებული. რაც შეეხება ევროკავშირთან ურთიერთობებს, არაერთხელ გვითქვამს და ბრიუსელში ძალიან კარგად იციან, რა დამოკიდებულება, რა პრეტენზიები აქვს ქართველ ხალხს ბრიუსელის მიმართ. ამიტომ ბრიუსელმა ძალიან კარგად იცის, რა არის გასაკეთებელი – უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირის ბიუჯეტიდან არ მოხდეს საქართველოში ძალადობის, პროპაგანდის, ზიზღის ენის დაფინანსება, არჩევნებში ჩარევა, რასაც, სამწუხაროდ, ვხედავდით. ზუსტად ამის მიმართ აქვს ქართველ ხალხს საკუთარი პრეტენზიები, ამიტომ ბრიუსელმა ძალიან კარგად იცის, რაც არის გასაკეთებელი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. ველოდებით შესაბამის ნაბიჯებს.
მას შემდეგ, რაც აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ ამხილა საგარეო დახმარების გამოყენების მავნე პრაქტიკა, ჩვენი მოლოდინი იყო, რომ ევროკავშირიც კრიტიკულად შეხედავდა, თუ როგორ იყო ჩართული ევროკავშირის ფული სხვა ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში სხვადასხვა მავნე პროცესის დაფინანსებაში. ჩვენ შემთხვევით ვიგებდით ხოლმე, რომ, მაგალითად, „მოლოტოვის კოქტეილის“ კამპანია ფინანსდებოდა ევროკავშირიდან; ვიგებდით, რომ რადიკალური პარტიები ფინანსდებოდნენ ევროკავშირის ბიუჯეტიდან, რაც კანონითაც არის აკრძალული; პროპაგანდისტული მედია ფინანსდებოდა ევროკავშირის ბიუჯეტით. ის ადამიანები, რომლებიც ხელფასს იღებენ ევროკავშირის ბიუჯეტიდან, ვგულისხმობ სხვადასხვა ენჯეოაქტივისტს, სიძულვილის ენასა და ზიზღს ავრცელებენ, ცდილობენ, დააპირისპირონ ადამიანები. ბრიუსელის მხრიდან ამ ყველაფერს სჭირდება კრიტიკული გაანალიზება, ამას მოელის ქართველი ხალხი ბრიუსელისგან. ეს ნაბიჯებია გადასადგმელი, რათა ბრიუსელმა შეძლოს ქართველ ხალხთან ურთიერთობის დაბრუნება იმ კალაპოტში, რომელიც ჩვენი მოლოდინია. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამ მხრივ გადამწყვეტ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ. ვხედავთ, რომ უფრო ემალება ბრიუსელი პრობლემებს და თვალს არ უსწორებს, როგორც ეს გააკეთა აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ. რაც არ უნდა მალოს ბრიუსელმა, ჭირი თავს არ დამალავს და ის მავნე პრაქტიკები, რომლებიც არსებობდა, საბოლოო ჯამში, თავს იჩენს ხოლმე, აზიანებს თავად ევროკავშირის რეპუტაციას, მათ შორის ქართველი ხალხის თვალში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.