შობის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისში „ალილოს“ მონაწილეთა მსვლელობა მიმდინარეობს. მომლოცველთა და მგალობელთა გუნდმა მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო.
მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, სადაც შობის პარაკლისი შესრულდება.
მსვლელობის დაწყებამდე, რესპუბლიკის მოედანზე მივიდნენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და დეპუტატები, ასევე მიხეილ ყაველაშვილის მეუღლე, თამარ ბაგრატიონი, რომლებმაც „ალილოს“ მონაწილეებს სანოვაგე გადასცეს.
„ჩემს ლამაზ საქართველოს ვულოცავ შობის დღესასწაულს. ჩემს ხალხს მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა, მხნეობა, კეთილდღეობა. მჯერა, რომ სიყვარული გადაგვარჩენს!“ - განაცხადა თამარ ბაგრატიონმა.
„ალილოს“ მსვლელობის ტრადიცია 2000 წლიდან პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღდგა.