რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, თავად „ქართულ ოცნებას“ 13 წელი და 8 მინისტრი დასჭირდა იმისთვის, რომ მიმხვდარიყო, რომ თურმე ერთი წლით მეტს სწავლობენ საქართველოს მოსწავლეები სკოლაში - ე.წ. რეფორმა, რომელიც თითქოს კეთილშობილურ მიზნებს ისახავს და განათლების ხარისხის ამაღლებას შეუწყობს ხელს ქვეყანაში, სინამდვილეში, მორიგი ფუნდამენტური საფრთხეა საქართველოს ცივილიზებული მომავლისთვის,- ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრმა თაზო დათუნაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ მოაგვაროს ნამდვილი პრობლემები, რაც თუნდაც სკოლებში ბავშვთა კვებას ეხება, მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა საქართველო ბოლონიის პროცესს ჩამოშორდეს და 11-წლიან სასწავლო პროგრამაზე გადავიდეს.
„ირაკლი კობახიძის მიერ წარდგენილი განათლების ე.წ. რეფორმა, რომელიც თითქოს კეთილშობილურ მიზნებს ისახავს და განათლების ხარისხის ამაღლებას შეუწყობს ხელს ქვეყანაში, სინამდვილეში, მორიგი ფუნდამენტური საფრთხეა საქართველოს ცივილიზებული მომავლისთვის და ჩვენი მომავალი თაობის სწორად განათლებისთვის. კერძოდ, მთავარ თეზისად კობახიძემ აიღო ვითომ 10 ათას ლარამდე ანაზღაურების ზრდა აკადემიური პერსონალისთვის, სინამდვილეში კი დაანონსებული რეფორმა, ერთი მხრივ, არის მასიური პოლიტიკური ნიშნით წმენდის საწინდარი აკადემიურ სფეროში და მეორე მხრივ, საშუალო განათლების სისტემაზე პირდაპირ დარტყმა, იმის მაგივრად, რომ ის გავაჯანსაღოთ. რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, თავად „ქართულ ოცნებას“ 13 წელი და 8 მინისტრი დასჭირდა იმისთვის, რომ მიმხვდარიყო, რომ თურმე ერთი წლით მეტს სწავლობენ საქართველოს მოსწავლეები სკოლაში. დასჭირდა მინისტრები, რომლებიც დასდევდნენ ვაშლებს, სხვა პრემიერ-მინისტრები, რომლებიც ლაპარაკობდნენ, რომ ამ ქვეყნის ბიუჯეტი მეოთხედი განათლებაში უნდა დახარჯულიყო. არც ვაშლები აღარსად დაგორავს, არც ჩვენი ბიუჯეტის მეოთხედი არ იხარჯება განათლების რეფორმაში და კატასტროფულ ვითარებაშია სკოლა. იმის მაგივრად, რომ რეალურ პრობლემებზე ვილაპარაკოთ, მაგალითად, იმის შესახებ, რომ 300 ათასზე მეტი ბავშვი შიმშილობს დღეს საქართველოში და ყოველი მესამე მოსწავლე ამბობს, რომ სკოლაში ვერ ჭამს სათანადოდ, იმის მაგივრად, რომ შემოვიღოთ სკოლებში კვების სისტემა. იმის მაგივრად, რომ სასკოლო უფასო კვების რეალურ პრობლემას და შესაბამისად, განათლების ხარისხის პრობლემას ვუშველოთ, გადავწყვიტეთ, რომ ბოლონიის პროცესს ჩამოვცილდეთ და ერთი კლასი დავაკლოთ სკოლის მოსწავლეებს, იმის მაგივრად, რომ გაგვემდიდრებინა სკოლის პროგრამა მეთორმეტე კლასელებისთვის. ნონსენსია ეს რეფორმა, სინამდვილეში ებრძვის ფუნდამენტშივე საქართველოს განათლების სისტემის სწორ გზაზე განვითარებას.
ამასთან, ამ საბჭოთა ტიპის დაგეგმილი სისტემით, სადაც კობახიძემ უნდა გადაწყვიტოს, რომელი სახელმწიფო უნივერსიტეტები რა სპეციალობის უნდა იყოს, ერთ მშვენიერ დღეს ერთი განცხადებით საერთოდ უნდა ჩავრეცხოთ ამ ქვეყანაში აკადემიური თავისუფლების პრინციპი, რომელიც ფუნდამენტური დემოკრატიული პრინციპია. აკადემიური თავისუფლება უნდა გავწიროთ, ჩავაჩოჩოთ და კობახიძემ, გივი მიქანაძემ, ადეიშვილის პერიოდის პირსისხლიანმა პროკურორმა, უნდა გადაწყვიტოს, რომელმა უნივერსიტეტმა რა ფაკულტეტი უნდა ასწავლოს. საერთოდ უარეს სიგიჟეს ვისმენთ, რომ თურმე რომელიღაც ქალაქებში კონკრეტული ფაკულტეტები უნდა განვითარდეს. ანუ ხელი კი არ უნდა შევუწყოთ აკადემიურ თავისუფლებას, რაც სამეცნიერო დონეზე დადასტურებულია, რომ სწორი განვითარების გზაა უნივერსიტეტის, არამედ უნდა დავუბრუნდეთ საბჭოთა დაგეგმარებით პროცესს, როგორიც სამაგალითო ჰგონია კობახიძეს და მიქანაძეს. ამის ნაცვლად „ლელო“ მოკლე დროში წარმოგიდგენთ ჩვენს კონკრეტულ ხედვას თუ როგორ უნდა განვითარდეს როგორც საშუალო ისე უმაღლესი განათლების სისტემა საქართველოში“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.