ზურაბ ჯაფარიძეს 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ზურაბ ჯაფარიძეს 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

16-04-2025 20:44
კატეგორიები: სამართალი

პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000- ლარიანი გირაო შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ მიიღო. თანხის დაფარვის ვადად ერთი თვე განისაზღვრა.

ჯაფარიძის თქმით, ის ერთი თეთრის გადახდას არ აპირებს.

"თქვეს, რომ "არ ვარ კანონმორჩილი მოქალაქე, არ ვაღიარებ პარლამენტს და არ ვაღიარებ მთავრობას, ამიტომ, არსებობს საფრთხე, რომ მივიმალო ან ჩავიდინო რაღაც სხვა დანაშაული", რაზეც ავუხსენი, მიმალვა რომ მნდომოდა, სტრასბურგში ვიყავი, როდესაც დაბარებაზე შეტყობინება მომივიდა და ჩამოვედი, ეს ერთი. მეორე, რა დანაშაული უნდა ჩავიდინო კიდევ, ეს სრულიად გაუგებარია. არც ნასამართლობა მაქვს. თუ იმაზეა საუბარი, რაღაც კომისია რომ არის და მანდ დამიბარებენ, მაგაზე ვუთხარი, 20-ჯერ რომ დამიბარონ, არცერთხელ არ ვაპირებ მისვლას - მეთქი.

სინამდვილეში, არ არსებობდა არანაირი ფორმალური საფუძველი იმისთვის, რომ აღკვეთის ღონისძიებად რამე გამოეყენებინათ, რადგან არსად გაქცევას არ ვაპირებ", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ პროცესის დასრულების შემდეგ.

ბრალდებას კი მიაჩნია, რომ 20 000 ლარის ოდენობით გირაო ზურაბ ჯაფარიძის "სათანადო ქცევას" უზრუნველყოფს.

"არსებობდა ორი საფრთხე - ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის. ბუნებრივია, როდესაც ამ საფრთხეებთან მიმართებით ვსაუბრობთ, აღკვეთის ღონისძიება უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იქნეს მისი სათანადო ქცევა, როგორც გამოძიების ეტაპზე, ისე სასამართლოში არსებითი განხილვების ეტაპზე. მიგვაჩნია, რომ 20 000 ლარის ოდენობის გირაო უზრუნველყოფს მის სათანადო ქცევას", - განაცხადა პროკურორმა ნათია თათიაშვილმა.

პოსტი ნახა: 426


მსგავსი სიახლეები

გადაცემები

ახალი შუადღე
სამშაბათი, 13:00

ახალი შუადღე