შიდა ქართლის, რეგიონული ტელეკომპანია

მამუკა მდინარაძე – საკმაოდ რეალისტურია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს – არ გამოვრიცხავთ, 100 მანდატს რამდენიმე ათეულითაც კი გადასცდეს

საკმაოდ რეალისტურია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაზე საუბრისას განუცხადა.

მდინარაძეს მოლოდინი აქვს, რომ საქართველოს მოსახლეობა 26 ოქტომბრის არჩევნებზე „ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც საქართველოს ღირსების მხარეს იქნება“.

„წინა პერიოდისგან განსხვავებით, მაგალითად, 2020 წელს 150 კაციანი სია გვქონდა, ახლა 170-იანი გადავწყვიტეთ, უფრო მეტი იმიტომ, რომ რამდენიმე ადამიანი თავიდანვე გადის. ჩვენ ობიექტური მოლოდინი გვაქვს არჩევნების შედეგად საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაბამისი პროცენტული მაჩვენებლის მოპოვების.

არ გამოვრიცხავთ, რომ 100 მანდატს რამდენიმე ათეულითაც კი გადასცდეს. ეს შეიძლება ზედმეტად მოეჩვენოს ვიღაცას, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთი პარტია, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“ ოპოზიციიდან ბარიერს ვერ გადალახავს და ჩვენ რაც არის რეიტინგები, იმას მივიღებთ, საკმაოდ რეალისტურია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. ამიტომ, ვრცელი სია მოვიტანეთ. გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობა, ჩვენი ამომრჩეველი ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს ობიექტური გადაწყვეტილება იქნება საქართველოს ღირსების მხარეს და იმის მხარეს, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში. ამიერიდან ყველა უნდა შეეგუოს, რომ ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფალმა და არა სხვა ვინმემ ქვეყნის გარეთ. 26 ოქტომბერი იქნება ის დღე, როცა ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ იტყვის, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მხოლოდ საქართველოში მიიღება“, – განაცხადა მდინარაძემ.