4 ოქტომბერს - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი რიგი აკრძალვები ამოქმედდება.
კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წინასაარჩევნო აგიტაცია აკრძალულია.
დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება - ასეთი მასალა ჩამოხსნას, დემონტაჟს, აღებას დაექვემდებარება.
გარდა ამისა, დაუშვებელია კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.
აკრძალულია კენჭისყრამდე 8 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე ტელევიზიისა და რადიოს ეთერში ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის და უფასო წინასაარჩევნო რეკლამის, საარჩევნო სუბიექტების პროგრამების განთავსება და გადაცემა, აგრეთვე საარჩევნო მიზნებისათვის ავტომატიზებული სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა.
აკრძალულია არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე, გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა.
კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება. ამასთან, ცესკო-ს დადგენილების გათვალისწინებით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს, კენჭისყრის კაბინის გარდა, საარჩევნო პროცესისათვის ხელის შეშლის გარეშე შეუძლიათ აწარმოონ ფოტო-ვიდეოგადაღება ცესკოს დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებს ეკრძალებათ არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ განცხადების გაკეთება, თუ ეს შედეგები ცესკოს ვებგვერდზე სათანადო წესით არ არის გამოქვეყნებული.
საარჩევნო უბნები 06:45 საათზე გაიხსნება. კენჭისყრის პროცესი კი 08:00 საათზე დაიწყება.
კენჭისყრის შენობა 20:00 საათზე დაიკეტება. კანონის გათვალისწინებით, ამ დროისთვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი რიგში მდგომ ამომრჩეველთა გვარებსა და სახელებს აღრიცხავს, მათ რაოდენობას საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს აცნობებს, ხოლო კომისიის მდივანი რიგში მდგომ ამომრჩეველთა რაოდენობას ჩანაწერთა წიგნში აღნიშნავს.