უკრაინაში რუსული დრონით დარტყმის შედეგად ფრანგი ჟურნალისტი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და უკრაინის ჟურნალისტების ეროვნული კავშირის ხელმძღვანელი, სერგეი ტომილენკო ავრცელებენ.
“ჩვენი თანამემამულე, ფოტოჟურნალისტი ანტონი ლალიკანი, თან ახლდა უკრაინულ არმიას წინააღმდეგობის ფრონტზე.
დიდი მწუხარებით შევიტყვე მისი გარდაცვალების შესახებ, ის რუსულ დრონს ემსხვერპლა.
ჩემს გულწრფელ მწუხარებას ვუზიარებ მის ოჯახს, მის ახლობლებს, ასევე მის კოლეგებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკად ომის რეალობის შესახებ გვაწვდიან ინფორმაციას და მისი თვითმხილველები არიან”, - წერს მაკრონი.
აქამდე ინფორმაცია გავრცელდა, რომ დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტს დრუჟკოვკასთან რუსული fpv-დრონის დარტყმის შედეგად ფრანგი ფოტოჟურნალისტი, ანტონი ლალიკანი გარდაიცვალა, ხოლო უკრაინელი ჟურნალისტი, გეორგი ივანჩენკო ოპერაციისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.