თუ ოდესმე გიოცნებიათ მომავალ ტექნოლოგიურ მეწარმეობაზე, თქვენთვის კარგი ამბავია. თქვენი დიდი პროექტის დასაფინანსებლად არ გჭირდებათ ვენჩურული კაპიტალი (VC) ან თუნდაც ნაღდი ფულის მარაგი ლეიბის ქვეშ. სინამდვილეში, კაუფმანის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, აშშ-ში სტარტაპების ერთ პროცენტზე ნაკლებს ჰყავს ფინანსური მხარდამჭერები.
Forbes-ი კი წარმოგვიდგენს 5 კომპანიას, რომლებმაც ბიუჯეტის არარსებობის მიუხედავად, წარმატებას მიაღწიეს.
Code School: 0 დოლარი
როდესაც გრეგ პოლაკმა 2011 წელს ორლანდოში “კოდის სკოლა“ დააარსა, ის უკვე გამოცდილი მეწარმე იყო.
„მე სხვა სტარტაპებიც შემიქმნია, მაგრამ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც Code School-მა წარმატებას მიაღწია არის ის, რომ მე უკვე მყავდა აუდიტორია“, - ამბობს ის.
როდესაც გრეგმა საქმიანობა დაიწყო, მხოლოდ ერთი კლიენტი ჰყავდა. მან პირველი ნაბიჯები ინვესტორებისა და დაფინანსების გარეშე გადადგა - ჰყიდდა თავის მომსახურებას ხალხზე, ვისაც კოდირების სწავლა სურდა.
“Code School-ის დაარსებამდე 5 წლით ადრე, დავიწყე დეველოპერების ბლოგი, დეველოპერების პოდკასტი და ხშირად ვაქვეყნებდი უფასო სასწავლო ვიდეოებს. მე აუდიტორიას ვქმნიდი, ამიტომ, როდესაც უკვე მქონდა პროდუქტი, რომელიც საგანმანათლებლო კონტენტს ფასიანს ხდიდა, უკვე მყავდა ადამიანები, რომლებიც მზად იყვნენ მის შესაძენად“, - ამბობს გრეგი.
დღეს კომპანიას მთელ მსოფლიოში მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
2015 წლის იანვარში Multiple Visions-მა Code School 36 მილიონ დოლარად შეიძინა.
Craig Technologies: 150 დოლარი
1999 წელს აშშ-ის საზღვაო ძალების ყოფილმა ოფიცერმა კეროლ კრეიგმა დააარსა Craig Technologies. ეს არის კომპანია, რომელიც ავითარებს პროგრამულ უზრუნველყოფას, სასწავლო კურსებს და უზრუნველყოფს სისტემების ინჟინერიისა და პროგრამების მართვის მხარდაჭერას სამხედროებისთვის.
კომპანიის საწყისი ინვესტიცია მხოლოდ 150 აშშ დოლარი იყო.
დღეს მისი კომპანიის წლიური შემოსავალი 45 მილიონ დოლარზე მეტია.
2013 წელს, Craig Technologies-მა ფლორიდის შტატის ქალაქ კეიპ კანავერალში, NASA-ს შატლის ლოგისტიკური დეპოს (NSLD) ყოფილ შენობაში აერონავტიკისა და თავდაცვის წარმოების ცენტრი გახსნა.
JAMF Software: 1 399 დოლარი
2002 წელს მინესოტას შტატში, მინეაპოლისში, ზაკ ჰალმსტადმა სულ რაღაც 1 399 დოლარად დააარსა Apple-ის მოწყობილობების მართვის კომპანია JAMF Software.
ზაკის თქმით, eMac-ისთვის 999 დოლარი გადაიხადა, პროგრამული უზრუნველყოფისთვის 350 დოლარი, ხოლო შპს-ს დაფუძნებისთვის 50 დოლარი.
დღეს კომპანიის ღირებულება 225 მილიონ აშშ დოლარზე ბევრად მეტია.
2014 წელს JAMF Software Deloitte-ის ტექნოლოგიურ სწრაფ 500 კომპანიას შორის დასახელდა.
„JAMF-ის დაარსებიდან პირველი ორი წლის განმავლობაში, სრულ განაკვეთზე ვმუშაობდი ვისკონსინ-ო-კლერის უნივერსიტეტში სამუშაო მაგიდის მხარდაჭერის სპეციალისტად. დაახლოებით საღამოს 5 საათზე მივდიოდით Racy’s-ში (ყავის მაღაზია, სადაც, მისი თქმით, ხშირად მუშაობს) და კოდს ვწერდით. დაახლოებით საღამოს 10 საათისთვის ყავის მაღაზიიდან ქუჩის მოპირდაპირე ბარში გადავდიოდით და სამუშაოს შუაღამისას ვასრულებდით,“- ამბობს ზაკი, რომელიც იმ დროს მუსიკის ბაკალავრის ხარისხს ამთავრებდა.
მისი თქმით, მეწარმეებისთვის მნიშვნელოვანია, რომ თავიანთ პროდუქტზე იყვნენ ორიენტირებულნი.
Appster: 3 000 აშშ დოლარი
მარკ მაკდონალდი და ოსაია ჰამფრი, მხოლოდ 18 და 19 წლის იყვნენ, როდესაც 2011 წელს, ავსტრალიის ქალაქ მელბურნში, 3000 აშშ დოლარის ინვესტიციით, აპლიკაციების შემუშავების ფირმა Appster დააარსეს.
სამწელიწად-ნახევრის შემდეგ კომპანიას სამ ქვეყანაში 140 თანამშრომელზე მეტი ჰყავდა. დღეს კი კომპანიის შემოსავალი მილიონებს აღწევს.
“მე და იოსაია ბიზნესით ვართ დაკავებულები და ის 12 წლის ასაკიდან დავიწყეთ“, - იხსენებს მარკი.
Applico: 9 000 აშშ დოლარი
2009 წელს, ბაბსონის კოლეჯის 20 წლის სტუდენტმა ალექს მოაზედმა 9000 დოლარის ოდენობის კრედიტი აიღო, რათა საკუთარი ბიზნესის დაწყება და მთელი ცხოვრების ოცნების ასრულება შეძლებოდა.
ეს კომპანია ბოსტონში დაფუძნებული მობილური აპლიკაციებისა და პლატფორმების შემქმნელი Applico-ა, რომლის შემოსავალი დღეს ათეულობით მილიონი დოლარია.
Applico-ს ჰყავს ისეთი ცნობილი კლიენტები და მხარდამჭერები, როგორიცაა Disney და Google Ventures.
მსგავსი ოცნებების მქონეებს ალექსი ურჩევს, მცირედით დაიწყონ და დრო ფუჭად არ დაკარგონ.
„თუ შეძლებთ მოქმედი პროდუქტის სწრაფად ბაზარზე გატანას, ეს თქვენი ბიზნესის ვალიდაციას შეუწყობს ხელს“, - ამბობს ის.