გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისმა სირიაში, ამ დრომდე, დოკუმენტურად 111 მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობა დაადასტურა, მაგრამ გადამოწმების პროცესი გრძელდება და დაღუპულთა რეალური რაოდენობა, სავარაუდოდ, გაცილებით მეტია, - ამის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის პრესსპიკერის, ტამინ ალ-ხითანის განცხადებაშია აღნიშნული.
„6 მარტიდან სირიის სანაპირო რეგიონში ძალადობის შესახებ შემაშფოთებელი მასშტაბის ცნობები გრძელდება. გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისმა, ამ დრომდე, 111 მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობა დააფიქსირა, მაგრამ გადამოწმების პროცესი გრძელდება და დაღუპულთა რეალური რაოდენობა, სავარაუდოდ, გაცილებით მეტია“, - აღნიშნულია განცხადებაში.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისში აცხადებენ, რომ ბევრი დადასტურებული შემთხვევა სიკვდილით უკანონოდ დასჯას წარმოადგენდა, რასაც ადგილი ჰქონდა ტარტუსში, ლატაკიასა და ჰამას გუბერნიებში დაუდგენელი შეიარაღებული პირების, შეიარაღებული ჯგუფების წევრების მიერ, რომლებიც, სავარაუდოდ, უსაფრთხოების ძალების მხარდამჭერები არიან და დაკავშირებულნი არიან ყოფილ მთავრობასთან.
„რიგ შემაშფოთებელ შემთხვევებში მთელი ოჯახები ჩახოცეს - ქალების, ბავშვების და სხვა პირების ჩათვლით, განსაკუთრებით ალავიტების ქალაქებსა და სოფლებში. ჩვენი ოფისის მიერ შეგროვებული მრავალი ჩვენების მიხედვით, დამნაშავეებმა დაარბიეს სახლები, ასევე ეკითხებოდნენ მოსახლეობას, იყვნენ თუ არა ისინი ალავიტები თუ სუნიტები. ზოგიერთმა გადარჩენილმა გვითხრა, რომ ბევრი მამაკაცი დახვრიტეს ოჯახების თვალწინ“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისში აცხადებენ, რომ შეიარაღებულმა პირებმა, რომლებიც ყოფილი მთავრობის უსაფრთხოების ძალებთან არიან დაკავშირებული, 6-7 მარტს ლატაკიაში, ტარტუსსა და ბანიასში საავადმყოფოები დაარბიეს. მათსა და სირიის სამთავრობო ძალებს შორის შეტაკებებს კი ათობით მშვოდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
ამასთან, გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის ცნობით, ბოლო დღეებში დაფიქსირებული სხვა დარღვევები მოიცავს სახლებისა და მაღაზიების ძარცვას, ძირითადად, დაუდგენელი პირების მიერ, „რომლებმაც, როგორც ჩანს, ისარგებლეს ადგილზე არსებული ქაოტური სიტუაციით“.
„ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე გაიქცა საკუთარი სახლებიდან სოფლად, ხოლო ზოგიერთმა ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, თავშესაფრისთვის რუსული ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ საჰაერო ბაზას მიმართა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, ვოლკერ თურქი აცხადებს, რომ ყველა ამ დანაშაულისთვის შესაბამისი პირების პასუხისგებაში მიცემაა საჭირო.
„ის მიესალმება დამოუკიდებელი საგამოძიებო კომიტეტის მოვალეობის შემსრულებელი ორგანოების განცხადებას და მოუწოდებს მათ უზრუნველყონ, რომ ჩატარებული გამოძიება იყოს სწრაფი, საფუძვლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. ყველამ, ვინც პასუხისმგებელია დარღვევებზე, პასუხი უნდა აგოს, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად. მსხვერპლს და მათ ოჯახებს აქვთ სიმართლის, სამართლიანობისა და რეპარაციის უფლება“, - აღნიშნულია განცხადებაში.