ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება ან ზემოქმედების დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარიდან 2 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. ასეთია საკანონმდებლო ცვლილება, რომლის ამოქმედების შედეგად, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ მკაცრდება.
აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენა ასევე გამოიწვევს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას და მოქალაქისათვის მინიჭებული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას - 3 წლის ვადით.
გარდა ამისა, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ განისაზღვრება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით ზემოქმედების შემოწმების წესი. ასევე, გათვალისწინებულია, რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ვადამდე აღდგენა ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვება.
უფრო კონკრეტულად, პროექტის მიხედვით, თუ პირის გარეგნული ან ქცევითი მახასიათებლები ქმნის საკმარის საფუძველს ვარაუდისთვის, რომ პირი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება, პოლიციელი უფლებამოსილი იქნება პირს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევის მიზნით გადაყვანა ან შესაბამისი მიმართვის საფუძველზე კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების არაუგვიანეს 24 საათისა წარმოდგენა მოსთხოვოს. სათანადო ნიმუში აღებული უნდა იქნას არაუგვიანეს მიმართვის გამოწერიდან 8 საათისა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში გადაყვანაზე, გადაყვანის შემთხვევაში კლინიკური ან ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარებაზე უარის თქმა ან შესაბამისი მიმართვის საფუძველზე კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების წარუდგენლობა ან წესის დარღვევით წარდგენა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის ზემოქმედების დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდებად ჩაითვლება.
ამავე პროექტის გათვალისწინებით, თუ ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევით გამოვლინდა, პირს უფლება ექნება, აღნიშნული გამოკვლევიდან შესაბამის სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებაში ჩაიტაროს კლინიკური გამოკვლევა არაუგვიანეს 8 საათისა, აღებული ნიმუშის საფუძველზე და წარადგინოს გამოკვლევის ჩატარებიდან არაუგვიანეს 24 საათისა.
თუ ერთობლივი, კლინიკური და ლაბორატორიული შემოწმების შედეგად, პირს ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტი არ დაუდგინდა, იგი ადმინისტრაციული სახდელისგან განთავისუფლდება. მას მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოთხოვნის უფლებაც ექნება.
პროექტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: - არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი.