კომპანია B.P. TRANS-ის დირექტორის, სუს-ის მიერ დაკავებულ ვალერიან კვარაცხელიას ადვოკატის თეონა გვაზავას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი კომპანიის დირექტორის პოზიციას იკავებს 2021 წლის 10 აგვისტოდან, რაც ნიშნავს, რომ გარკვეული სახის სადავო ქმედებები განხორციელებულია ჯერ კიდევ იქამდე, სანამ ის უფლებამოსილი პირი გახდებოდა.
მისი თქმით, ვალერიან კვარაცხელია დუმილის უფლებას იყენებს.
„ბრალდების წარდგენის შემდეგ ჩვენება არ დაფიქსირებული, ვინაიდან იყენებს კანონით გათვალისწინებულ დუმილის უფლება. ტენდერი გამოცხადდა 2020 წლის 6 ნოემბერს, შესაბამისად ხელშეკრულება სახელმწიფოსთან, შესაბამის დაწესებულებასთან გაფორმებულია 2020 წლის 19 დეკემბერს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დირექტორის პოზიციას იკავებს 2021 წლის 10 აგვისტოდა, რაც ნიშნავს, რომ გარკვეული სახის ქმედებები განხორციელებულია ჯერ კიდევ მანამ, სანამ ის გახდებოდა უფლებამოსილი პირი.
სამუშაოები ჩაბარებულია კეთილსინდისიერად, რიცხობრივად შეესაბამება იმ სტანდარტებს, რაც დადგენილი იყო სახელმწიფო შესყიდვის პირობებში“, - განაცხადა გვაზავამ.
კითხვაზე, რას ედავებიან ოფიციალურად მისი დაცვის ქვეშ მყოფს, გვაზავამ უპასუხა, რომ „ოფიციალურად ედავებიან ჯგუფურად დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარებას და დოკუმენტის გაყალბებას, რომელმაც დიდი ზიანი გამოიწვია“.
შეგახსენებთ, საქმე ეხება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი 4 184 249 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტს.